5 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც, 2020 წლის 11 მარტს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის პანდემია გამოაცხადა. პანდემია ოფიციალურად დღესაც არაა დასრულებული. ჯანმოს მონაცემებით, ამ 5 წლის განმავლობაში მსოფლიოში გამოჩენილი ახალი ვირუსით 777 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, გარდაიცვალა 7 მილიონზე მეტი. კოვიდ 19-თან ამა თუ იმ ფორმით დაკავშირებული მიზეზით გარდაცვლილთა რიცხვმა კი 15 მილიონს გადააჭარბა.
თემას BBC აშუქებს და იხსენებს, რომ პანდემიის პიკზე მთავრობებმა უპრეცედენტო ზომები მიიღეს, გამოაცხადეს ლოქდაუნები და მოსახლეობას, პრაქტიკულად, იძულებით კარანტინში აგზავნიდნენ, რომელიც ზოგჯერ თვეები გრძელდებოდა. საერთო ჯამში, ლოქდაუნები 2,6 მილიარდ ადამიანს შეეხო.
პანდემიის დამანგრეველი მიზეზები მთელ მსოფლიოში დღემდე შესამჩნევია, თუმცა სპეციალისტების ნაწილი ამ მძიმე პერიოდის დადებით შედეგებზეც საუბრობს.
სტრესისა და ტრავმების სპეციალისტის ელკე ვან ჰოოფის შეფასებით, ლოქდაუნები ისტორიაში უდიდესი ფსიქოლოგიური ექსპერიმენტი იყო.
გამოცემამ შეარჩია 4 ყველაზე პოზიტიური ასპექტი, რომლებიც იმ რთული პერიოდის მემკვიდრეობაა.
გარღვევა ვაქცინების წარმოების ტექნოლოგიებში
მეცნიერებს მხოლოდ 9 თვე დასჭირდათ კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ეფექტიანი ვაქცინის შესაქმნელად. მათ ამის გაკეთება რნმ-ზე (რიბონუკლეიდის მჟავაზე) დაფუძნებული ტექნოლოგიის საშუალებით მოახერხეს. აღნიშნულ ტექნოლოგიაზე მუშაობა მანამდეც მიმდინარეობდა, მაგრამ პანდემიამ ეს პროცესი დააჩქარა, რაც შემდგომში კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინების შექმნასაც შეეხო.
90 წლის ბრიტანელი მარგარეთ კინანი გახდა პირველი ადამიანი, რომელიც კოვიდვაქცინით აიცრა. ეს 2020 წლის 8 დეკემბერს მოხდა.
ედინბურგის უნივერსიტეტის პროფესორის დევი სრიდჰარის თქმით, პანდემიიდან გამოტანილი გაკვეთილები მეცნიერებს საშუალებას აძლევს, ვირუსების ახალი აფეთქებების იდენტიფიცირება მოახდინონ.
„ჩვენი სამეცნიერო პოტენციალი გაიზარდა... გარდა ამისა, ჩვენ მივიღეთ გავკეთილები, როგორ მოვემზადოთ უკეთესად მომდევნო პანდემიისთვის,“ - ამბობს ის და მაგალითად მოჰყავს ის ფაქტი, რომ პანდემიის მართვაში უკეთესი შედეგები აჩვენა იმ ქვეყნებმა, რომლებსაც პანდემიამდე უფრო ჯანმრთელი მოსახლეობა ჰყავდა.
ახალი ეპოქა განათლების სისტემაში
სკოლების დახურვას მთელი მსოფლიოს ბავშვებისთვის კატასტროფული შედეგები მოჰყვა. ერთ-ერთი მძიმე შედეგია იმ მოსწავლეების რაოდენობის ზრდა, რომლებმაც დაწყებით და საშუალო ეტაპებზე სკოლაში სიარული შეწყვიტეს.
თუმცა, ამის მიუხედავად, პოზიტიური მხარეა ის, რომ შეიცვალა განათლების აღქმა: პანდემიის დროს ნათელი გახდა, რომ განათლება ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებ გაციფრულებული სფეროა. პანდემიამ კი განათლების სისტემები აიძულა, უფრო ფიბრიდულ, მოქნილ მოდელზე გადასულიყო.
შედეგად, საკლასო ოთახის, როგორც მხოლოდ და მხოლოდ ფიზიკური და სტატიკური სივრცის, იდეა წარსულს ჩაბარდა. გარდა ამისა, სპეციალისტების შეფასებით, პანდემიამ თანამედროვე საზოგადოებაში გაზარდა სკოლების როლის შესახებ ცნობიერება.
ცვლილებები შრომის ბაზარზე
დასაქმებულთა სამსახურებიდან გათავისუფლება და როგორც შედეგი, მოსახლეობის დიდი ნაწილის გაღარიბება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად იქცა.
ამ კუთხით პანდემიის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო ცვლილებაა დისტანციურ ჰიბრიდულ რეჟიმზე გადასვლა. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს ბევრი კომპანია სამუშაო პროცესის სრულად ოფისებში დაბრუნებას ითხოვს, ეს პრაქტიკა დღესაც მაინც ძალიან გავრცელებული და აქტუალურია.
პანდემიის შემდეგ ბევრი ქვეყნის მთავრობებმა მიიღეს კანონმდებლობები დისტანციური სამუშაოს შესახებ. გარდა ამისა, პანდემიასთან ერთად დაწყებულმა ტექნოლოგიურმა რევოლუციამ შექმნა მწარმოებულორობის გაზრდის „ოქროს შესაძლებლობა“. მაგალითად, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით არაერთ დარგში, პროცესების ოპტიმიზაცია მოხდა.
მენტალური ჯანმრთელობის მნიშვნელობა
ჩაკეტილ სივრცეში ცხოვრება, მარტოობა, გაურკვევლობა, შიში და სასოწარკვეთა მთელ მსოფლიოში გავრცელდა და ფსიქოლოგიური ტრავმის მიზეზი გახდა.
ფსიქოლოგ ლაურა როხას-მარკოსის თქმით, პანდემიამ გავლენა მოახდინა ჩვენს ემოციურ მეხსიერებასა და ჩვენს ირგვლივ მიმდინარე მოვლენების მიმართ ჩვენს დამოკიდებულებაზე. ეს იყო წყალგამყოფი მომენტი, რომელსაც თან ახლდა არა მხოლოდ ტანჯვა, არამედ სწავლა და ახალი ცოდნის მიღებაც.
სპეციალისტის თქმით, ახლა ჩვენ მეტად ვაცნობიერებთ, რამდენად მნიშვნელოვანია ვიზრუნოთ ჩვენს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, არა როგორც ჩვენი სხეულისგან დამოუკიდებელ ფენომენზე, არამედ ისეთ რამეზე, რაც სრულადაა მასთან დაკავშირებული.
„ადამიანებმა ისარგებლეს შესაძლებლობით, გადაეხედათ თავიანთი ცხოვრებისთვის და ისწავლეს სხვა ადამიანების, საკუთარი გარემოცვის და საკუთარი არსებობის მიღებაც კი,“ - აღნიშნავს ის.
2022 წელს, ბიბისის დაკვეთით, GlobeScan-ის მიერ 30 ქვეყანაში ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ ადამიანები თავს უკეთ გრძნობდნენ, ვიდრე პანდემიამდე. ბევრმა მათგანმა აღიარა, რომ ახლა ოჯახთან უფრო მეტ დროს ატარებს, უკეთ გრძნობს კავშირს თემთან, რომელთან ერთადაც ცხოვრობს, ასევე ბუნებასთან და ზოგადად, უკეთ აღიქვამს პრიორიტეტებს. გამოკითხვის თანახმად, ყველა ამ ცვლილებამ ზოგადად, პოზიტიური ეფექტი იქონია.
პანდემიამ დაგვამუხრუჭა, შეგვაჩერა და დაგვაფიქრა ადამიანის გამძლეობასა და თანაგრძნობაზე. ფსიქოლოგების შეფასებით, ადამიანური სოლიდარობის ასეთი გამოვლინებები იყო ის ნათელი მომენტები, რომლებმაც ეს ტრაგიკული პერიოდი გაგვილამაზა.