დიარჯის ფარგლებში კლინიკების დაფინანსების ახალი საფასო პოლიტიკის ამოქმედების შემდეგ სადაზღვევო კომპანიებმა პაკეტების ფასები გააძვირეს. 
ამის შესახებ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელმა მდივანმა ლაშა ნიკოლაძემ ტელეკომპანია რუსთავი-2-ის გადაცემა „ბიზნესი რუსთავი 2-ზე“ განაცხადა და ეს მოვლენა ასე ახსნა:

„საყოველთაო ჯანდაცვამ დანერგა დიარჯი, რის  შედეგადაც კლინიკებში ფასები დაოპტიმიზირდა და რეალურად, ახლოს მივიდა თვითღირებულებასთან. ეს სახელმწიფოსთვის, ალბათ, კარგია, მაგრამ კლინიკისთვის და გარედან, დაზღვევიდან მისული ადამიანებისთვის ფასები გადაიხედა. ამან კი გამოიწვია ის, რომ კერძო დაზღვევამ, გაითვალისწინა რა აღნიშნული ვითარება, თავის საპრემიო შედეგებს გადახედა და წინა წელთან შედარებით 13-15%-ით გაძვირებულია სამედიცინო დაზღვევა,“ – განაცხადა ლაშა ნიკოლაძემ. 
მან კიდევ ერთხელ აღნიშნა სადაზღვევო ინდუსტრიის ის პოზიცია, რომელიც უკვე წლებია ისმის, თუმცა კონკრეტულ ცვლილებებამდე საქმე არ მისულა. კერძოდ, საუბარია დასაქმებულთა სავალდებულო დაზღვევაზე.

ლაშა ნიკოლაძის თქმით, ქართული სადაზღვევო ბაზრის მთავარი პრობლემა მისი მცირე ზომაა და არაა დანერგილი სავალდებულო დაზღვევა. მას მოჰყავს სტატისტიკაც, რომლის თანახმად, დაზღვევაზე საქართველოს მოქალაქის წლიური ხარჯები 100 ევროს არ სცილდება მაშინ, როცა ევროპაში ეს მაჩვენებელი 2 ათას ევროზე მეტია.