აივ-სტატუსის ტესტირებას, საჭიროების შემთხვევაში კი - მკურნალობას მიგრანტებს სახელმწიფო უფინანსებს. 

ამის შესახებ ინფექციური კლინიკის ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში, შიდსის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა. 


მისი თქმით, არ უნდა შევქმნათ აჟოტაჟი და მიგრანტებს დისკომფორტი არ უნდა მივაყენოთ, თუმცა უნდა მოვახერხოთ და გავაკონტროლოთ ისინი აივ-ინფექციის გავრცელების კუთხით, რათა შემთხვევების ზრდა არ მივიღოთ.


თენგიზ ცერცვაძემ იმ მსოფლიო პრაქტიკაზეც ისაუბრა, რომელიც მიგრანტების აივ-სტატუსის შესამოწმებლად გამოიყენება. მან განმარტა, რომ ქვეყნების ჯანდაცვის ორგანოები შედიან კონტაქტში მიგრანტებთან ისე, რომ არ მიაყენონ მათ რაიმე ჩრდილი და დისკომფორტი და სთავაზობენ ტესტირებას. ამასთან, ინფორმაცია მიეწოდებათ სხვადასხვა ფორმით - საზღვარზე, პირადი ექიმის დონეზე და მაღაზიებშიც კი.


ცერცვაძის თქმით, საქართველოში შიდსთან დაკავშირებული სერვისები ძალიან კარგადაა განვითარებული და ვისაც სურვილი აქვს, შეუძლია მიიღოს ნებისმიერი სახის დახმარება. 

„პრაქტიკა გვაჩვენებს, რომ საკმაოდ ბევრი მიგრანტი, განსაკუთრებით რუსი და უკრაინელი, მოვიდა ჩვენთან ან თავისით ან მოიყვანეს გარკვეულმა საერთო პირებმა, რომლებიც არსებობენ ჩვენ შორის. ყველას ყავს აქ ნაცნობი, მაგალითად ნარკოტიკის მომხმარებელს უჩნდება აქაური ნაცნობი და ა.შ. ისინი ჩართულები არიან მკურნალობის პროგრამაში და ეს უფასოა მათთვის იმისდა მიუხედავად, საქართველოს მოქალაქეა ის თუ არა. ამით რუსებს კი არ ვემსახურებით, ჩვენ თავს ვემსახურებით, რომ არ გავრცელდეს ინფექცია,“ - განმარტა თენგიზ ცერცვაძემ. 
მისივე თქმით, საქართველო იყო პირველი ქვეყანა აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში, რომელმაც შიდსის კუთხით პროფილაქტიკური პროგრამა დაიწყო. პროგრამა გულისხმობს ანტივირუსული მედიკამენტების უფასოდ დარიგებას მათთვის, ვინც არაა ინფიცირებული და ინფიცირების მაღალი რისკი აქვს ისეთი ფაქტორების გამო, როგორიცაა მრავლობითი და დაუცველი სქესობრივი კავშირები საეჭვო ან დადასტურებულ ინფიცირებულებთან, ან არიან ინტრავენური ნარკომანები. პრეპარატები მათ ამ კავშირების პერიოდში უნდა მიიღონ, რაც დაინფიცირებისგან დაცვის გარანტიას იძლევა.