სოლიდარობის ფონდი 10 წლისაა. სტატისტიკის თანახმად, ამ ხნის განმავლობაში საქართველოსა და მის საზღვრებს გარეთ ათასზე მეტი ბენეფიციარი დაფინანსდა და მობილიზდა 29 მილიონი ლარი. 
სტატისტიკის თანახმად, ყველაზე მეტი მიმართვა სოლიდურ სიმსივნეზე მოდის. შემდეგ მოდის ლეიკემია, სისხლმბადი სისტემის დაავადებები და დასაზუსტებელი დიაგნოზი.

ფონდი აფინანსებს სიმსივნეების მკურნალობას და დიაგნოსტიკას 22 წლამდე მოქალაქეებისთვის როგორც საქართველოში, ისევე მის ფარგლებს გარეთ, მათ შორის - იაპონიაში (ექსპერიმენტალური მკურნალობა იმუნოთერაპია), ავსტრიაში, საფრანგეთში, ამერიკაში, თურქეთსა და სხვა ქვეყნებში.

საქართველოს სოლიდარობის ფონდი 2014 წლის ივნისში, პრემიერ-მინისტრის ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის განკარგულებით დაფუძნდა.

ის აფინანსებს სამედიცინო სერვისებს, რომელიც სრულად არ იფარება სახელმწიფოს და მუნიციპალური პროგრამებით, ასევე სამედიცინო სერვისებს, რომელიც არ არის ხელმისაწვდომი საქართველოში და ეს დადასტურდება საექსპერტო დასკვნის საფუძველზე.

გასული წლის აგვისტოდან კი ქვეყანაში ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვებისთვის ახალი სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდა, რომლის განმახორციელებელი ასევე სოლიდარობის ფონდია. პროგრამის ფარგლებში ონკოპაციენტი ბავშვების მკურნალობა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ, უცხოეთის რამდენიმე კლინიკასა და საქართველოში - პაციენტის მშობლის არჩევანის მიხედვით. ეს კლინიკებია:

თურქეთი: „ანადოლუს სამედიცინო ცენტრი“,  „აჯიბადემის ჰოსპიტალი“, „ლივ ჰოსპიტალი“,  „ჰოსპიტალი მემორიალი“;

ესპანეთი: „ქირონ სალუდის პროტონოთერაპიის ცენტრი“, 

ისრაელი: „თელ-ავივ სოურასკის (იხილოვის) სამედიცინო ცენტრი“;

საქართველო: იაშვილის სახელობის კლინიკა.

პროგრამის ფარგლებში სრულად ფინანსდება დიაგნოსტიკა და მკურნალობის კურსი- ქიმიოთერაპია, სხივურ თერაპია, ოპერაციული ჩარევა და პროტონოთერაპია.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 18 წლამდე ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პირების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამა გარდამავალი ეტაპია, საქართველოში თანამედროვე  სტანდარტების, მაღალტექნოლოგიური აპარატურით აღჭურვილი ბავშვთა ონკოლოგიური სახელმწიფო ცენტრის გახსნამდე, რომელიც ჯანდაცვის მაშინდელმა მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა 2022 წლის დეკემბერში დააანონსა. აღნიშნულ ცენტრში ხელმისაწვდომი იქნება სამედიცინო სერვისების სრული სპექტრი, ერთ სივრცეში.