სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, შინამეურნეობებში საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების 2023 წლის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ინტერნეტით უზრუნველყოფილია საქართველოს შინამეურნეობების 89.0 პროცენტი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 0.6 პროცენტული პუნქტით აღემატება.

ინტერნეტით უზრუნველყოფილი შინამეურნეობების წილი 0.3 პროცენტული პუნქტით გაიზარდა საქალაქო დასახლებაში, ხოლო 1.0 პროცენტული პუნქტით სოფლად და, შესაბამისად, 93.1 და 83.4 პროცენტი შეადგინა. რეგიონების მიხედვით ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აჭარასა და თბილისში დაფიქსირდა და, შესაბამისად, 96.2 და 94.2 პროცენტი შეადგინა.

უწყების გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 15 წლის და უფროსი ასაკის ბოლო სამ თვეში ინტერნეტის მომხმარებელ მოსახლეობაში ინტერნეტის გამოყენების ძირითად მიზნებს წარმოადგენს სოციალური ქსელების გამოყენება (95.6%), ინტერნეტ (აუდიო/ვიდეო) კავშირი (94.3%), ჯანმრთელობის საკითხებზე ინფორმაციის მოძიება (50.5%), ონლაინ ახალი ამბების/გაზეთების/ჟურნალების წაკითხვა (49.1%), ინტერნეტბანკინგით სარგებლობა (47.1%), საქონლისა და მომსახურების შესახებ ინფორმაციის მოძიება (45.2%), ელ.ფოსტის მიღება/გაგზავნა (41.6%), პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქტის (გარდა თამაშებისა) ჩამოტვირთვა (16.1%) და სამუშაოს ძიება ან სამუშაოსთვის აპლიკაციების გაგზავნა (13.3%).

საქსტატის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, კომპიუტერით უზრუნველყოფილია შინამეურნეობების 57.7 პროცენტი. აღნიშნული მაჩვენებლის მნიშვნელობამ საქალაქო დასახლებებში 66.3 პროცენტი შეადგინა, ხოლო სასოფლო დასახლებებში – 46.0 პროცენტი. რეგიონების მიხედვით ეს მაჩვენებელი ყველაზე მაღალი აჭარის ა.რ.-სა და თბილისში დაფიქსირდა და, შესაბამისად, 68.9 და 67.4 პროცენტი შეადგინა.

ამასთან, საქსტატის ანგარიშის მიხედვით, 6 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის 89.8 პროცენტი ფლობს მობილურ ტელეფონს, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 1.7 პროცენტული პუნქტით მეტია.