ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქმიანობების სფეროში დასაქმებული ადამიანების ხელფასი 1844 ლარს შეადგენს. ესაა გასული წლის მეოთხე კვარტლის მაჩვენებელი, რომელსაც საქსტატი აქვეყნებს.
დღეს გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემებით, წინა წლის იგივე პერიოდში აღნიშნულ სფეროში მომუშავეთა საშუალო თვიური ხელფასი 1592 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ზრდა 252 ლარია. ხელფასების სიდიდის მიხედვით, 19 სექტორს შორის, ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობების სფერო მე-13 ადგილზეა.
საქსტატის მონაცემებით, საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ
დარგებში:
ინფორმაცია და კომუნიკაცია – 4 008.3 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით შემცირებულია 7.0 პროცენტით);
საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 3 373.5 ლარი (გაიზარდა 8.5 პროცენტით);
მშენებლობა - 3 361.8 ლარი (გაიზარდა 9.8 პროცენტით);
პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 3 259.1 ლარი (გაიზარდა 11.6 პროცენტით).
ზოგადად კი, ქვეყნის მასშტაბით, 2024 წლის IV კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8.5 პროცენტით (173.0 ლარით) გაიზარდა და 2 217.5 ლარი შეადგინა.