დღეს დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა, რომელიც, ყოველწლიურად 21 მარტს აღინიშნება და მისი მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა მხარდაჭერად და მათი უფლებების ადვოკატირება. 2011 წლის დეკემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ 21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღედ გამოაცხადა.

მსოფლიო დღე წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების უფლებების, ინკლუზიისა და კეთილდღეობის გაუმჯობესებისათვის.
დაუნის სინდრომი, ცნობილი ასევე, როგორც ტრისომია 21, ყველაზე გავრცელებული გენეტიკური  მდგომარეობაა. იგი განპირობებულია ქრომოსომათა რაოდენობის ცვლილებით და უკავშირდება დამატებითი ქრომოსომის არსებობას 21-ე წყვილ ქრომოსომაში. სწორედ 21-ე ქრომოსომის ტრისომიის უნიკალურობის ხაზგასმა გახდა დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის აღსანიშნად წლის მე-3 თვის 21-ე დღის არჩევის მიზეზი.

ქრომოსომები განაპირობებენ ბავშვის ორგანიზმის ჩამოყალიბების პროცესს ორსულობის დროს და მის განვითარებას, როგორც მუცლადყოფნის, ასევე დაბადების შემდგომ პერიოდში. დაუნის სინდრომის რამდენიმე ფორმა არსებობს: ტრისომია, ტრანსლოკაცია და მოზაიციზმი.

მიმდინარე წლის დაუნის სინდრომის გლობალური კამპანიის თემაა „გავაუმჯობესოთ მხარდამჭერი სისტემები“, რაც ფოსკუსირებულია მხარდამჭერი სერვისების გაძლიერებაზე, რათა თითოეულ ადამიანს, მათ შორის დაუნის სინდრომის ქონე პირებს, ჰქონდეს დამოუკიდებლად და სრულფასოვნად ცხოვრების შესაძლებლობა.

მსოფლიოს მასშტაბით, დაუნის სინდრომის სავარაუდო გავრცელება ყოველ 1 000 - 1,100 ახალშობილზე 1 შემთხვევაა; ამ ქრომოსომური დარღვევით ყოველწლიურად 3 000 - 5 000 ბავშვი იბადება. 
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, 2023 წელს საქართველოში რეგისტრირებულია 430-მდე შემთხვევა, მათ შორის 304 15 წლამდე ასაკის ბავშვია. 2023 წელს ახალი შემთხვევების რაოდენობა 82-ია.
დაუნის სინდრომი მდგომარეობაა, რომელიც გრძელდება მთელი სიცოცხლის მანძილზე. დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს ესაჭიროებათ ინდივიდუალურ საჭიროებაზე მორგებული სერვისები სიცოცხლის ადრეული ეტაპიდან. 
დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის ერთერთი მნიშვნელოვანი კამპანიაა ,,ბევრი ფერადი წინდა’’, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების ყურადღების მიპყრობის და ცნობიერების ამაღლებას დაუნის სინდრომის მქონე პირთა საჭიროებების, უფლებების და ინკლუზიის შესახებ.