პარლამენტმა წელიწადნახევრით გადასწია იმ კანონის ამოქმედება, რომელიც ექთნებს ეხება და ამ პროფესიის პრესტიჟის გაზრდას ისახავს მიზნად.
ჯანმრთელობის შესახებ კანონში ცვლილება, რომლის გადავადების პროცედურაც პარლამენტმა უკვე დაიწყო და სავარაუდოდ, ამ დღეებში დაასრულებს, გულისხმობს ექთნის პროფესიის დამოუკიდებელ საქმიანობად ჩამოყალიბებას და მისი პრესტიჟის გაზრდას. პერსპექტივაში, ამ კანონის ამოქმედების შემდეგ უმაღლესი განათლების მქონე ექთნებს ექნებათ შესაძლებლობა, გადავიდნენ სამაგისტრო საფეხურზე და შემდგომ ჩაერთონ როგორც პედაგოგიურ, ისე სამეცნიერო-კვლევით საქმიანობებში.
ასევე გადავადდება ცვლილება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, რომელიც ითვალისწინებს 2 ათასლარიანი ჯარიმის დაწესებას ექთნების და მეან-ექთნების მიერ საქმიანობის სერტიფიკატის ან სახელმწიფო მოწმობის გარეშე განხორციელებისთვის.
არსებულ კანონით, რომლის ამოქმედებაც გადავადდება, 2026 წლის 1 იანვრიდან 1 სექტემბრამდე საქმიანობის გაგრძელების უფლება აქვს ნებისმიერ ექთანს, რომელსაც მიღებული აქვს პროფესიული თუ საბაკალავრო განათლება. მათთვის ამავე პერიოდიდან სავალდებულო ხდება სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირება და დიპლომის გარდა, სახელმწიფო სერტიფიკატის ან მოწმობის ფლობა. 1 სექტემბრამდე წესდება გარდამავალი პერიოდი, როცა მათ შეუძლიათ ამ მოწმობის გამარტივებული წესით, გამოცდების გარეშე აღება.
მათთვის კი, პროფესიაში იანვრიდან შევა ან არ ისარგებლებს გამარტივებული პერიოდით და არ გაივლის ავტორიზაციას სახელმწიფო რეესტრში, სავალდებულო ხდება სასერტიფიკატო გამოცდების ჩაბარება.
როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ირინე წაქაძემ გადავადების შესახებ საუბრისას, პარლამენტის სხდომაზე აღნიშნა, კანონის ამოქმედებისთვის საჭირო აქტების დიდი ნაწილი მომზადებულია და დარჩენილი ნაწილიც მალე იქნება მზად ისევე, როგორც უკვე გაიტესტა და გამართულია ელექტრონული რეესტრიც.
მისივე თქმით, აღნიშნული ცვლილებების პროცესში სექტორთან კონსულტაციები გაიმართა და სწორედ ამ პროცესში მწვავედ დაისვა მიღებული საკანონმდებლო რეგულაციების გადახედვის საკითხი. არგუმენტად მოყვანილი იყო ის, რომ რომ მათმა ამოქმედებამ შესაძლოა კიდევ უფრო გაამწვავოს ამ სექტორში არსებული საკადრო დეფიციტი. წაქაძემ განმარტა, რომ ექთნებისა და მეან-ექთნების სფეროს ახასიათებს საზღვარგარეთ გადინება, სხვა სფეროებში გადანაცვლება და ამის გათვალისწინებით, გამოიკვეთა, რომ საჭიროა ვადა, რომ სექტორი დამატებით წნეხში არ მოექცეს.
მისი თქმით, გამოცდების გამო, დღეს მოქმედი ექთნების მეხუთედს ან თუნდაც მეექვსედს ბარიერის გადალახვის პრობლემა რომ შეექმნას, ეს პაციენტის მოვლის ხარისხზე ნეგატიურად აისახება.
მინისტრის მოადგილის თქმითვე, აუცილებელია გამოცდებისთვის სერიოზული მომზადებაც, რომელიც, სავარაუდოდ, მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილსაც.
„ექთნებს არ ევალებოდათ დამატებითი ან საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარება. ამიტომ შესაძლოა ეს მათთვის არ იყოს მარტივად გადასალახი ბარიერი. ამიტომ შესაბამისი ბაზისი უნდა შეიქმნას უწყვეტი განათლების პროგრამების შექმნით.
ახლად შემოსულ კადრებს კი წინასწარ ექნებათ ინფორმაცია გამოცდების შესახებ, შესაბამისად, უფრო მომზადებულები იქნებიან და არ უნდა გაუჭირდეთ ბარიერის გადალახვა,“ - აღნიშნა ირინე წაქაძემ და დასძინა, რომ რეფორმის შედეგად ექთნის პროფესია მნიშვნელოვნად განვითარდება.
„ეს იქნება დამოუკიდებელი პროფესია. თუ ადრე იყო მიდგომა, რომ ის იყო საშუალო და საშუალოზე დაბალი რგოლი, მისი პროფესია უნდა გახდეს პრესტიჟული და დაფასებული,“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ და აღნიშნა, რომ ამ მიზნის მიღწევის გზაა, ეს პროფესია უმაღლესი განათლების ნაწილი გახდეს. ვისაც უმაღლესი განათლება ექნება მიღებული, მას ექნება საშუალება, იზრუნოს კარიერულ განვითარებაზე, გაიაროს სამაგისტრო პროგრამა, მიიღოს დიპლომის შემდგომი განათლება, ჩაერთოს პედაგოგიურ და სამეცნიერო საქმიანობაში.
ირინე წაქაძემ არ გამორიცხა, რომ შესაძლოა, ცვლილებების გადავადება კიდევ გახდეს საჭირო, რაც, პირველ რიგში, პაციენტის მომსახურების ხარისხის გაზრდას ისახავს მიზნად.
შეგახსენებთ, რომ კანონის თანახმად, საექთნო და მეანი-ექთნის საბაკალავრო კურსდამთავრებულ პირებს რეგისტრირებული ექთნის და მეანი-ექთნის წოდების მოპოვებისთვის სარეგისტრაციო გამოცდის ჩაბარების ვალდებულება ექნებათ.
ინერგება წოდებრივი რანჟირების სისტემა. კერძოდ: უმაღლესი (ბაკალავრიატის) კურსდამთავრებულ პირებს ენიჭებათ რეგისტრირებული ექთნის ამ მეანი-ექთნის წოდება. პროფესიული განათლების პროგრამის კურსდამთავრებულებს კი ექნებათ სერტიფიცირებული პრაქტიკოსი ექთნის ან მეანი-ექთნის წოდება.





