ამ ეტაპზე „ღორის გრიპის“ შემთხვევები ბევრად ნაკლებია, ვიდრე H3N2-ის, ანუ ჰონგ-კონგის ტიპის ვირუსის. ამის შესახებ საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბარში ციციშვილის კლინიკის სამედიცინო დირექტორმა მაია ჩხაიძემ განაცხადა.


ამასთან, მან განმარტა, რა შემთხვევაში ინიშნება ანტივირუსული პრეპარატი „ტამიფლუ.“

„ღორის გრიპიცა“ და „ჰონგკონგის“ ვირუსიც, ორივე „ა“ ტიპის ვირუსია და „ა“ ტიპის გრიპი იქნება თუ „ბე“ ტიპის, მკურნალობაში არაფერი არ იცვლება. მკურნალობა ერთი და იგივეა. არსებობს სპეციალური ანტივირუსული პრეპარატი, რომელიც ყველას არ ესაჭიროება, მაგრამ რისკ ჯგუფებს და ჰოსპიტალიზებულ პაციენტებს ყველა შემთხვევაში ენიშნებათ. ამის მიზეზი ისაა, რომ ამ პაციენტებში ვირუსი მძიმედ მიმდინარეობს და ასეთ შემთხვევაში ვაძლევთ მათ ამ მედიკამენტს. თუმცა პრეპარატის მიღება უნდა დაიწყოს კლინიკური ნიშნების დაწყებიდან პირველი 48 საათის განმავლობაში. ამის შემდეგ კი ამ მედიკამენტს შედეგი არ აქვს და არ ვნიშნავთ,“ - განაცხადა მაია ჩხაიძემ.

ქვეყანაში სეზონური ვირუსების გავრცელების მაჩვენებელი იმატებს. სპეციალისტების თქმით, ინფიცირების მაჩვენებლები ამ სეზონისთვის საგანგაშო არაა და პაციენტებს რაიმე განსაკუთრებული საფრთხე არ ემუქრებათ.  სპეციალისტების შეფასებით, შემთხვევები წელს უფრო ადრე დაიწყო, თუ ჩვეულებრივ ეპიდაქტიურობა ნოემბრის ბოლოდან იზრდება, წელს H3N2-მა, იგივე ჰონგ-კონგის შტამმა ცირკულაცია ბევრად ადრე დაიწყო. გრიპის გარდა დაფიქსირებულია რესპირატორული სინციტიური ვირუსი, რინოვირუსი, ადენოვირუსი, პარაგრიპი და მეტაპნევნოვირუსი. ქვეყანაში ახლა 23 ვირუსს აკვირდებიან.


რაც შეეხება  აცრებს, სახელმწიფოს მიერ შეძენილი 200 ათასი დოზა ვაქცინიდან 150 ათასი უკვე გამოყენებულია.