საქართველო გრიპის სეზონს მზად ხვდება. ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს. უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამჟამად, ქვეყნის ყველა რეგიონში, ძირითადად, A/H3N2 ვირუსი ცირკულირებს. ასევე, დაფიქსირებულია სხვა სეზონური რესპირაციული ვირუსები — რინოვირუსები, პარაგრიპი, რესპირატორული სინციტიური ვირუსი და სხვა. 


„ვირუსი, ძირითადად, სახლის პირობებში, ოჯახის ექიმის მიერ იმართება. გრიპის წლევანდელ შტამებზე მოქმედი ვაქცინა ქვეყანაში აქტიურად გამოიყენება და დაახლოებით, 150 000 ადამიანი უკვე აიცრა. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შეძენილი ფრანგული წარმოების, ოთხკომპონენტიანი სეზონური ვაქცინა ყველა მსურველისთვის ხელმისაწვდომია და უფასოდ ტარდება. 


გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია რეკომენდებულია მოსახლეობის ყველა ჯგუფისთვის, განსაკუთრებით კი მნიშვნელოვანია მაღალი რისკის მქონე პირებისთვის, როგორებიცაა ორსულები, მოხუცები, ბავშვები (6 თვიდან), სუსტი იმუნური სისტემის და ქრონიკული დაავადებების მქონე პირები. 


ვაქცინაციასთან ერთად, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მნიშვნელოვანია ხელების ხშირი დაბანა, ოთახების განიავება, სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებისგან თავის არიდება,“ - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში და ასევე აღნიშნულია, რომ დღეს არსებული ეპიდსიტუაციის შეფასებით, პროცესი სრულად მართულია და ჯანდაცვის სისტემა მზადაა სეზონის მიმდინარეობის შესაბამისად, მოსახლეობას დროული და ხარისხიანი მომსახურება გაუწიოს.


დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის თქმით, ამ ეტაპზე მუდმივი მეთვალყურეობა ხორციელდება 23 სხვადასხვა რესპირატორულ ვირუსზე და ეპიდსიტუაცია ამ სეზონის შესაბამისია.

„ზამთარია და გრიპისმაგვარი ვირუსები და თავად გრიპის შემთხვევები ნელ-ნელა მატულობს. ჯერჯერობით ავადობა არაა მაღალი და 250-ია 100 ათას მოსახლეზე. ეპიდემიის ზღვარი კი ჩვენთან 500-მდეა, რასთან ახლოსაც ჯერ არ ვართ. რა თქმა უნდა, სტატისტიკა კიდევ მოიმატებს და ალბათ, დეკემბრის ბოლოს კიდევ უფრო მეტი შემთხვევა გვექნება. პირველი და ძირითადი რეკომენდაცია კი ვაქცინაციაა. ქვეყანაში საუკეთესო ხარისხის ვაქცინაა  და 150 000-მდე ადამიანი უკვე აცრილია. ვაქცინები კიდევ არის. ერთადერთი უნდა გვახსოვდეს, რომ ვაქცინის გაკეთებიდან მეორე დღესვე დაცულები არ ვართ და 7-დან 10 დღემდე პერიოდია საჭირო, რომ ვაქცინამ დაგვიცვას,“ - აღნიშნა პაატა იმნაძემ.