სახელმწიფო უნივერსიტეტებში უცხოელი სტუდენტების კვოტის გაუქმების მიუხედავად, სახელმწიფო არ აპირებს, ამ სტუდენტებიდან მიღებული შემოსავლები დაკარგოს და ეს კვოტები კერძო უნივერსიტეტებში გადანაწილდება. ამის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილემ ზვიად გაბისონიამ პარლამენტში, უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილებების პროექტის წარდგენისას, სამედიცინო უნივერსიტეტთან დაკავშირებულ კითხვაზე პასუხის გაცემისას ისაუბრა.
მისი თქმით, აღნიშნული ცვლილებების შედეგად განსაკუთრებული დანაკლისი ექნება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს, თუმცა, მისივე განმარტებით, ხელისუფლება მზადაა, უნივერსიტეტს ეს ზარალი აუნაზღაუროს.
მისივე განცხადებით, ამის შესახებ განათლების სამინისტროს წარმომადგენლებთან და სახელმწიფო უნივერსიტეტების რექტორებთან შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა პირდაპირ განაცხადა და აღნიშნა, რომ ამ კუთხით არანაირი პრობლემა არ იქნება.
„წლების განმავლობაში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი 5 მილიონს აგენერირებდა ქართული პროგრამებიდან და დაახლოებით 80 მილიონ ლარამდე უცხოური პროგრამებიდან. აქაა სახელმწიფოს ფუნდამენტური მიდგომა: ჩვენთვის მნიშვნელოვანი ამოცანაა, რომ სამედიცინო მიმართულებით კადრები საქართველოსთვის მოვამზადოთ. ამ ნაწილში პრობლემა გვაქვს მედდებთან დაკავშირებით და ა.შ. ამ დეფიციტების აღმოფხვრისთვის სახელმწიფო მზად არის მოახდინოს იმ დანაკარგის კომპენსირება, რასაც უცხოეთის კვოტირების ნაწილში განიცდიან, თუმცა დაახლოებითი გამოთვლით ვფიქრობთ, რომ ფიზიკურად 80 მილიონი არ დასჭირდებათ ამ პროგრამების უზრუნველსაყოფად. ამიტომ რამდენიც საჭირო გახდება, მოხდება სრული კომპენსრება და ამ ნაწილში კითხვის ნიშნები არ არსებობს. უცხოეთის კვოტას არ დაკარგავს ქვეყანა და ვგეგმავთ, ისინი კერძო უნივერსიტეტების მიმართ გადავანაწილოთ, რადგან ეს მაღალშემოსავლიანი სეგმენტია და ქვეყანა არ აპირებს, ეს შემოსავლები დაკარგოს,“ - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.
მისი განმარტებით, უცხოურ პროგრამებზე სწავლა 4-5-ჯერ უფრო ძვირი ღირს ქართულენოვან პროგრამებთან შედარებით და მათი გადანაწილება კერძო სექტორზე მოხდება. გაბისონიას თქმით, ცვლილებების შემდეგ კერძო უნივერსიტეტებს თავად ექნებათ ინტერესი, ქართული ნაწილი განავითარონ და კონკურენციაში მოვლენ ფინანსურად უზრუნველყოფილ სახელმწიფო უნივერსიტეტებთან, რაც მათ კიდევ უფრო განვითარებას შეუწყობს ხელს.





