ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამა გაფართოვდა. ბენეფიციარებს სერვისის მიღება, დამატებით, თურქეთის კიდევ სამ კლინიკაში შეეძლებათ. პროგრამას „მედიკანას საერთაშორისო კლინიკა“, „ემსი ჰოსპიტალი“ და „მედიპოლ მეგა საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი“ დაემატა.
პროგრამის ახალ და მანამდე არსებულ პარტნიორ სამედიცინო დაწესებულებებში ჯანდაცვის მინისტრი იმყოფებოდა. მიხეილ სარჯველაძე თურქეთში მყოფ პატარა ქართველ პაციენტებსა და მათ მშობლებს შეხვდა, ბენეფიციარების მკურნალობის პროცესს გაეცნო და კლინიკებში, მათთვის ხელმისაწვდომი მომსახურებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო.
ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამის ფარგლებში, პაციენტები, მომსახურებას უკვე 8 კლინიკაში - თურქეთში, ესპანეთსა და ისრაელში მიიღებენ. ახალ პარტნიორ კლინიკებთან თანამშრომლობის ხელშეკრულებები უკვე გაფორმდა.
მინისტრი თურქეთში, „საქართველოს სოლიდარობის ფონდის“ ხელმძღვანელ ხათუნა ჩაჩავასთან და ფონდის წარმომადგენელ ქეთევან კარტოზიასთან ერთად იმყოფებოდა.
ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამის ფარგლებში, პაციენტებს, სამედიცინო სერვისის მიღება შეუძლიათ - ესპანეთში, „ქირონ სალუდის პროტონოთერაპიის ცენტრში“; ისრაელის „თელ-ავივ სოურასკის (იხილოვის) სამედიცინო ცენტრში“; თურქეთის „ანადოლუს სამედიცინო ცენტრში“; „აჯიბადემის ჰოსპიტალში“; „ჰოსპიტალ მემორიალში“; „მედიკანას საერთაშორისო კლინიკაში“, „ემსი ჰოსპიტალსა“ და „მედიპოლ მეგა საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში“. საქართველოსთან ერთად, სახელმწიფო, თურქეთის, ისრაელისა და ესპანეთის პარტნიორ კლინიკებში, ყველა ბენეფიციარის მკურნალობას სრულად აფინანსებს.
აჯიბადემის კლინიკის ონკოლოგის, ბავშვთა ჰემატოლოგის ფუნდა ჩორაფჩიოღლუს განცხადებით, ქართულ მხარესთან თანამშრომლობის პერიოდში უკვე 50 ბავშვის მკურნალობა დასრულდა.
"საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან, უკვე ერთი წელია, ვთანამშრომლობთ, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების მკურნალობის მიმართულებით. ამ ერთი წლის განმავლობაში, 50 ბავშვის მკურნალობა დავასრულეთ და ისინი თავიანთ ქვეყნებში დავაბრუნეთ. ეს ბავშვები ახლა მხოლოდ საქართველოს, თქვენი შვილები აღარ არიან, ისინი ჩვენს შვილებადაც იქცნენ. ეს ჩვენთვის უდიდესი ბედნიერებაა. ჩვენ, ყოველთვის აქ ვართ, რათა დავეხმაროთ ჩვენს პატარებს, განსაკუთრებით, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვებს და მოხარული ვართ თქვენთან თანამშრომლობის გაგრძელებით.
მედიპოლ მეგა საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის საავადმყოფოების ქსელის დირექტორმა ოზარ კოჯამ კი აღნიშნა:
"ბატონი მინისტრისა და მისი გუნდის მასპინძლობა ჩვენთვის დიდი ბედნიერებაა. ვამაყობთ და მტკიცედ გვჯერა, რომ ჩვენი თანამშრომლობა, ორმხრივი პარტნიორობა, კიდევ უფრო განმტკიცდება. ჩვენ მზად ვართ, ყველაფერს გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო გავაძლიეროთ და გავაფართოოთ. „მედიპოლ მეგა“ ოთხი საავადმყოფოსგან შემდგარი კომპლექსია. ეს არის უნიკალური საავადმყოფო, სადაც 815 საწოლია განთავსებული. ტექნოლოგიური თვალსაზრისით, ჩვენი კლინიკა ძალიან განვითარებულია, აქ ყველაზე თანამედროვე და უმაღლესი ტექნოლოგიები გვაქვს წარმოდგენილი."
„მედიკანას ჯანმრთელობის ჯგუფის“ მმართველი საბაჭოს წევრმა ბერკ ბოზკურტმა განაცხადა:
„ჩვენ დავიწყეთ ახალი პროექტის განხორციელება საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან და ამის გამო ძალიან აღფრთოვანებული ვართ. გვაქვს უმაღლესი ხარისხის სამედიცინო მომსახურება, გვყავს გამოცდილი ექიმები და საუკეთესო ტექნოლოგიები, რომლებიც განკუთვნილია პედიატრიული ონკოლოგიური პაციენტებისთვის. ამ მიმართულებით ვთანამშრომლობთ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ასოციაციებთან, ჩვენი ექიმები ამ ორგანიზაციებთან აფილირებული არიან. ჩვენი კლინიკა მზადაა საქართველოსთან თანამშრომლობისთვის და დარწმუნებულები ვართ, რომ ქართველ ბავშვებს საუკეთესოები სერვისს მივაწვდით“.
ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამა 2023 წლის აგვისტოდან მოქმედებს. სამკურნალო პაკეტი მოიცავს დიაგნოსტიკასა და სტანდარტული მკურნალობის კურსს: ქიმიოთერაპიას, სხივურ თერაპიას, ოპერაციულ ჩარევასა და პროტონოთერაპიას. ამოქმედებიდან დღემდე, პროგრამაში 157 ბენეფიციარი ჩაერთო. მკურნალობა უკვე დაასრულა 100-მა პაციენტმა.