რა პროცედურების გავლაა საჭირო შოვის სტიქიის შედეგად დაზარალებულთა ან გარდაცვლილთა ოჯახების ფსიქოლოგიური დახმარების მისაღებად?
დადგენილება, რომელიც აღნიშნულს ითვალისწინებს, გუშინ მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა. მთავრობის ინფორმაციით, მომსახურებები მოიცავს ფსიქოლოგის კონსულტაციას, ფსიქოთერაპიულ სეანსებს. ასევე, საჭიროების შემთხვევაში, ფსიქიატრის კონსულტაციას და მის მიერ დანიშნული მედიკამენტების ანაზღაურებას. აღნიშნული სერვისები ფინანსდება სახელმწიფოს მიერ და ხელმისაწვდომია როგორც თბილისში, ისე რეგიონებში შესაბამისი სერტიფიკატების მქონე ცენტრებსა და დაწესებულებებში.
დღეს კი გამოქვეყნდა მთავრობის დადგენილება, რომლითაც აღნიშნული სერვისების მიღების პირობები დამტკიცდა.
დოკუმენტის თანახმად, პროგრამით მოსარგებლეები არიან სპეციალური კომისიის მიერ განსაზღვრული და შესაბამისი ორგანოების (შს სამინისტროს, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია, რომლის სამოქმედო ტერიტორია მოიცავს ამბროლაურის, ლენტეხის, ონისა და ცაგერის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებს) მიერ წარდგენილი სიის მიხედვით შოვში სტიქიით დაზარალებული პირები, ასევე სტიქიის შედეგად გარდაცვლილი და დაკარგული პირების ოჯახის წევრები.
უშუალოდ სერვისები კი მოიცავს:
ფსიქოლოგის კონსულტაციას, ფსიქოთერაპიას არაუმეტეს 16 სეანსისა (მათ შორის, დისტანციური); საჭიროების შემთხვევაში, ფსიქიატრის კონსულტაციას და ასევე, საჭიროების შემთხვევაში, ფსიქიატრის კომპეტენციის ფარგლებში, მის მიერ დანიშნულ მედიკამენტებს. ამასთან, ამ სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებასუნდა ჰყავდეს სერტიფიცირებული ფსიქიატრი და სპეციალისტი (ფსიქოლოგი ან ფსიქიატრი), რომელიც ატარებს შესაბამის თერაპიებს, აქვს შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული სერტიფიკატი ტრავმა-თერაპიის სპეციალობაში ან/და ფსიქოტრავმატოლოგიის მაგისტრის ხარისხი.
მოქალაქეს მიაწვდიან ინფორმაციას, რომ ის უნდა დაუკავშირდეს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კრიზისული ინტერვენციის ცხელ ხაზს (032 2 911 000). ცხელი ხაზის თანამშრომელი − ფსიქოლოგი შეაფასებს მდგომარეობას და მისცემს მოქალაქეს რჩევას, ვის მიმართოს (ფსიქოლოგს თუ ფსიქიატრს). შემდეგ, ფსიქოლოგიური დახმარების ცხელი ხაზის თანამშრომელი, მოქალაქის თანხმობით, მის შესახებ ინფორმაციას გადასცემს სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკის დეპარტამენტს, რომლის თანამშრომელი დაუკავშირდება მოქალაქეს და დაეხმარება მას ვიზიტის დაგეგმვასა და სერვისის მიღებაში.
მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია ბენეფიციარს სერვისი მიაწოდოს პრიორიტეტულად, მოცდის პერიოდის გარეშე.