ჯანდაცვის მინისტრი, ოფიციალური ვიზიტით, ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება, სადაც გაერო-ს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის ფარგლებში, მაღალი დონის შეხვედრებში მონაწილეობს. პანდემიის პრევენცია, მზადყოფნა და რეაგირება იყო ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელიც 158 ქვეყნის პირველმა პირებმა და ჯანდაცვის უწყების წარმომადგენლებმა განიხილეს.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ზურაბ აზარაშვილი სესიაზე, სიტყვით გამოვიდა და პანდემიის გავლენაზე, პრევენციასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. გაერო-ს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის ფარგლებში, ზურაბ აზარაშვილი, ჯანდაცვის სერვისებზე თანაბარი ხელმისაწვდომობის მნიშვნელობასა და ტუბერკულოზის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით დაგეგმილ, მაღალი დონის შეხვედრებშიც მიიღებს მონაწილეობას.
„პანდემიის შედეგად მიღებული გამოცდილების გათვალისწინებით, უნდა განვახორციელოთ საჭირო ცვლილებები და შესაბამისი ინვესტიციები, რათა მომავალში, ასეთ მასშტაბურ გამოწვევას, მსოფლიო, უფრო მომზადებული შეხვდეს. ჩვენ, პრიორიტეტად დავისახეთ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რისკებზე მზადყოფნისა და რეაგირების გაძლიერება; დავაარსეთ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საფრთხეებზე რეაგირების ცენტრები, მათ შორის - რეგიონულ დონეზე. მიზანი საგანგებო სიტუაციების დროს, ოპერატიული გადაწყვეტილების მიღება, მონაცემებისა და ინფორმაციის შეგროვება, შეჯერება, ანალიზი და დროული რეაგირებაა,“- განაცხადა აზარაშვილმა.