ექიმების შეცდომებისა და მათ შედეგად პაციენტებისთვის ზიანის მიყენების ფაქტები მხოლოდ საქართველოს ჯანდაცვის სისტემისთვის არაა პრობლემა.
ამერიკაში ყოველ წელს საექიმო შეცდომების შედეგად თითქმის 100 ათასი ადამიანი იღუპება. ბოლო კვლევების თანახმად კი, ყველა კლინიკური გადაწყვეტილების 10-15%, რაც დიაგნოსტირებასა და მკურნალობის მეთოდს მოიცავს, მცდარია.
ჟურნალ Proceedings of the National Academy of Sciences-ში გამოქვეყნდა კვლევა, რომელშიც ამერიკის შეერთებულ შტატებში, თითქმის 3 ათასმა ექიმმა მიიღო მონაწილეობა.
მკვლევარებმა ექიმებს სთხოვეს, ჩამოეწერათ პაციენტისთვის დიაგნოსტირებასა და მკურნალობასთან დაკავშირებული რეკომენდაციები. აღმოჩნდა, რომ იმ ექიმების შედეგები, რომლებმაც გადაწყვეტილებები კოლეგებთან ერთად მიიღეს, ორჯერ უფრო ზუსტი იყო, ვიდრე მათი კოლეგების გადაწყვეტილებები, რომლებიც დამოუკიდებლად იყო მიღებული.
შედეგად, მკვლევარებმა დაასკვნეს, რომ ექიმები ბევრად ნაკლებ შეცდომას უშვებენ, როცა მათ მხარდაჭერის ქსელები აქვთ. კვლევის ერთერთი ავტორი, სან-ფრანცისკოს ტრავმატოლოგიური ცენტრის წარმომადგენელი ამბობს: „ჩვენ სულ უფრო მეტად ვაცნობიერებთ, რომ კლინიკური გადაწყვეტილებების მიღება უნდა განვიხილოთ როგორც გუნდური სამუშაო, რომელშიც მონაწილეობას იღებს რამდენიმე ექიმი და პაციენტი. ეს კვლევა ხაზს უსვამს, რომ გადაწყვეტილებების მიღებაში სხვა ექიმების მონაწილეობა აუმჯობესებს კლინიკურ დახმარებას,“ - განაცხადა ექიმმა. რამდენიმე კვირის განმავლობაში მკვლევარები ექიმების გადაწყვეტილებებს ამოწმებდნენ. ამისთვის კი იყენებდნენ კვლევისთვის სპეციალურად შექმნილ აპლიკაციას, რომელიც Apple App Store-ში გაავრცელეს.
აპლიკაციაში რეგისტრაციის შემდეგ ექიმებს თხოვდნენ კლინიკური შემთხვევების შეფასებას პაციენტების რეალურ შემთხვევებზე. შეფასება სამ რაუნდად მიმდინარეობდა. თითოეული რაუნდის დასაწყისში კლინიცისტები კითხულობდნენ თემატურ კვლევებს, შემდეგ კი მათ აძლევდნენ ორ წუთს, რომ ორ კითხვაზე ეპასუხათ. პირველი კითხვით ექიმები პაციენტისთვის დიანგოსტიკურ რისკებს აფასებდნენ - მაგალითად, თუ რამდენად მაღალია ალბათობა, რომ ადამიანს, რომელსაც გულმკერდის არეში ტკივილები აქვს, უახლოეს 30 დღეში გულის შეტევა განუვითარდეს. შეფასების შკალა 1-დან 100-მდე იყო. მეორე კითხვაში ექიმებს სთავაზობდნენ, გაეცათ მკურნალობის რეკომენდაცია მრავალი ვარიანტიდან (მათ შორის - სახლში გაშვება, ასპირინის მიცემა ან კვლევაზე გაგზავნა). ყოველი ექიმი შემთხვევითობის პრინციპით განაწილებული იყო ორი ჯგუფიდან ერთერთში. ერთი ჯგუფი იყო კონტროლის ქვეშ მყოფი ჯგუფი, რომლის წევრებიც ყველა კითხვას ცალ-ცალკე პასუხობდნენ, და ექსპერიმენტული ჯგუფი, რომლის მონაწილეებიც სოციალური ქსელით დაკავშირებულნი იყვნენ სხვა, ანონიმურ კლინიცისტებთან და შეეძლოთ მათ პასუხების ნახვაც.
აღმოჩნდა, რომ ექიმების გადაწყვეტილების სიზუსტე ორჯერ მეტი იყო ქსელებში, ვიდრე - საკონტროლო ჯგუფებში. კვლევამ აჩვენა, რომ ექიმების მუშაობის გაუმჯობესება შესაძლებელია ქსელების გამოყენებით. ექიმები რომ ერთმანეთს ესაუბრებიან, ეს დიდი ხანია ვიცით, თუმცა ნამდვილი აღმოჩენა იყო იმის დადგენა, რომ შესაძლოა ამ ქსელების ისე მოწყობა,რომ მნიშვნელოვნად გაიზარდოს მათი კლინიკური ინტელექტი.