აჭარაში, უშვილობის მკურნალობის პროგრამის ფარგლებში, 53 ახალშობილი დაიბადა. 18 ქალი კი ამ ეტაპზე შვილს ელოდება. ამის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ განაცხადა. მისი თქმით, ეს შედეგები ძალიან კარგია და მათი გათვალისწინებით, პროგრამაში კიდევ უფრო მეტი წყვილის ჩართვა იგეგმება.
„2022 წელს პილოტურად დავიწყეთ ეს პროგრამა და ის მოწყვლად ჯგუფებს ეხებოდა. ატაპობრივად მოხდა პროგრამის გაფართოება და დღეისათვის არსებობს შედარებით გაფართოებული კრიტერიუმები, მათ შორისაა 300 ათასამდე სარეიტინგო ქულა, ბაღებსა და სკოლებში დასაქმებული პირი, წყვილში რომელიმეს მიერ შშმ პირის სტატუსის ქონა. პროგრამაში 16 რეპროდუქციული ცენტრი მონაწილეობს და ვგეგმავთ კიდევ უფრო გაფართოების,“ - აღნიშნა მინისტრმა.
აჭარაში დაწყებული, უშვილობის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის (,,უშვილობის დიაგნოსტიკა და მკურნალობის“) პროგრამა ქვეყნის მასშტაბით ამ მიმართულებით არსებული უპრეცედენტო ინიციატივაა.
მის ფარგლებში უშვილო წყვილების მომსახურება ფინანსდება 80%, 90% და 100%-ით.
პროგრამით სარგებლობენ აჭარის ტერიტორიაზე რეგისტრირებული 300 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე, სოციალურად დაუცველი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე, არანაკლებ ერთი წლის განმავლობაში კანონიერ ქორწინებაში მყოფი უშვილო წყვილი, რომელთაც ესაჭიროებათ შესაბამისი რეპროდუქციული სამედიცინო დახმარება.
ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ აღნიშნული პროგრამა შესაძლოა იყოს მოდელი, რომლის მიხედვითაც უშვილო წყვილების დიაგნოსტიკასა და მკურნალობას სახელმწიფო მთელი ქვეყნის მასშტაბით დააფინანსებს.
კერძოდ, განიხილება უშვილო წყვილების მკურნალობის სახელმწიფო პროგრამის ამოქმედება, რომელიც სხვადასხვა სერვისთან ერთად, ინვიტრო განაყოფიერებასა და სუროგაციასაც ითვალისწინებს. როდის და რა ფორით ამოქმედდება პროგრამა - ჯერჯერობით უცნობია.