პირველი ტიპის დიაბეტის მწვავე ფორმის მქონე 12 მოხალისეს ჯანმრთელობის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდათ მას შემდეგ, რაც 12 თვის განმავლობაში იღებდნენ ღეროვანი უჯრედების რევოლუციურ თერაპიას. ცდის დასრულების შემდეგ, ორი მონაწილის გარდა, ინსულინის მიღება ყველამ შეწყვიტა.
კლინიკური ცდების პირველი და მეორე ფაზის შედეგები უდიდესი იმედია მსოფლიოში პირველი ტიპის დიაბეტით დაავადებული 8,4 მილიონი ადამიანისთვის. ამ ავტოიმუნური დაავადების დროს, იმუნური სისტემა აზიანებს ინსულინის მწარმოებელ უჯრედებს.
უფრო ფართო კვლევებია საჭირო, რათა ვნახოთ, რამდენ ხანს გასტანს ამ მკურნალობის სარგებელი, მაგრამ ბოსტონში ბაზირებული ფარმაცევტული კომპანია Vertex Pharmaceuticals-ის მიერ შემუშავებული ეს ახალი სამკურნალო საშუალება გვთავაზობს ძლიერ მტკიცებულებას იმისა, რომ სხეულის მიერ ინსულინის წარმოქმნის უნარი შესაძლებელია აღდგეს ღეროვანი უჯრედების ინფუზიებით.
პირველი ტიპის დიაბეტის მქონე ადამიანები დამოკიდებული არიან ინსულინის თერაპიის არასაიმედო ბალანსზე მთელი ცხოვრების განმავლობაში. თუ მათი ინსულინის დონე ზედმეტად დაეცემა, უჯრედებს არ შეუძლიათ სისხლში არსებული შაქრის გამოყენება, რაც შაქრის დაგროვებას და ორგანოების დაზიანებას იწვევს. თუ ინსულინი ზედმეტად მაღალია, პაციენტები ჰიპოგლიკემიის მდგომარეობაში (სისხლში შაქრის შემცველობის შემცირება) ვარდებიან, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გონების დაკარგვა, კრუნჩხვები, კომა ან სიკვდილი.
როგორ მოვიხმაროთ შაქარი ისე, რომ არ გაიზარდოს დიაბეტის რისკი — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება
მსგავსი: როგორ მოვიხმაროთ შაქარი ისე, რომ არ გაიზარდოს დიაბეტის რისკი — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება
ჩვენს სხეულში ინსულინის დონის ძირითადი ნაწილის შენარჩუნებას განაპირობებს ე. წ. პანკრეასის კუნძულები (ლანგერჰანსის კუნძულები), ანუ პანკრეასის ენდოკრინული ფუნქციის მქონე უბნები. წარსულში იმედისმომცემი შედეგები აჩვენა დონორისგან ამ უჯრედების ჯანმრთელი ვერსიების გადანერგვამ, მაგრამ ამისათვის საჭიროა მრავალი დონორი, დონორები კი იშვიათობაა.
ამიტომ, ტორონტოს უნივერსიტეტის ქირურგმა ტრევორ რაიხმანმა და მისმა კოლეგებმა 12 პაციენტს შეუყვანეს პანკრეასის კუნძულის უჯრედები, რომლებიც ადამიანის ღეროვანი უჯრედებისგან მიიღეს; მკურნალობის ამ საშუალებას zimislecel-ი უწოდეს.
Zimislecel-ის შეყვანამდე და შეყვანის შემდეგ, პაციენტებს ასევე მისცეს იმუნოსუპრესიული (იმუნიტეტის დამთრგუნველი) პრეპარატები. კუნძულებმა მათ სხეულებში არა მხოლოდ წარმოქმნეს ინსულინი, არამედ ეს უსაფრთხო დონეზე გააკეთეს და შეამცირეს პაციენტების დამოკიდებულება ინსულინის ძვირად ღირებულ დოზებზე.
პირველად მსოფლიოში, პირველი ტიპის დიაბეტი ღეროვანი უჯრედებით უკუაქციეს — #1tvმეცნიერება
მსგავსი: პირველად მსოფლიოში, პირველი ტიპის დიაბეტი ღეროვანი უჯრედებით უკუაქციეს — #1tvმეცნიერება
„შედეგები აჩვენებს, რომ zimislecel-ის კუნძულის უჯრედები ფუნქციონალური და ჯეროვნად თვითრეგულირებადია“, — წერენ მკვლევრები.
დაფიქსირდა მსუბუქი ან საშუალო გვერდითი ეფექტები, მათ შორის იყო თირკმლის ფუნქციის შემცირება და იმუნური უჯრედების ისედაც მოსალოდნელი ვარდნა — ეს ყველაფერი დაკავშირებულია იმუნოსუპრესიულ თერაპიასთან. სამწუხაროდ, ცდების დროს ორი ადამიანი დაიღუპა; ერთი ქირურგიული ჩარევის შედეგად განვითარებული ინფექციით, მეორე კი თერაპიასთან კავშირის არმქონე მდგომარეობის გაუარესებით.
ვინაიდან კუნძულის უჯრედების ახალ თერაპიას სერიოზული გვერდითი მოვლენები არ ჰქონია, კლინიკური ცდები უკვე მესამე ფაზაში გადავიდა.
„შედეგები გვთავაზობს მტკიცებულებას იმისა, რომ მრავალპოტენტური ღეროვანი უჯრედებისგან შესაძლებელია პანკრეასული კუნძულების ეფექტიანი წარმოება და მათი გამოყენება პირველი ტიპის დიაბეტის წარმოებაში“, — წერენ მკვლევრები.
კვლევა ჟურნალ NEJM-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.
1tv.ge