არსებობს გონივრული ეჭვი, რომ ჩანაცვლებითი თერაპიების კერძო ცენტრებში სათანადოდ არ ხდება დოზის შემცირება ან ხდება ამა თუ იმ პაციენტისთვის, გარკვეული ინტერესის გამო, დოზის მატება. 


ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა ლომინაძემ პარლამენტის სესიაზე, იმ ცვლილებების წარდგენისას ისაუბრა, რომელთა შედეგად ჩანაცვლებითი თერაპიისა და ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტის სფეროში კერძო სექტორის მონაწილეობა იკრძალება და ეს პროცესი მთლიანად სახელმწიფოს ხელში გადადის. 

დაგეგმილი ცვლილებებით 15 აგვისტოდან ნარკომანიის ჩანაცვლებითი თერაპიის განხორციელება სრულად სახელმწიფოს დაქვემდებარებაში იქნება და ამ მომსახურების გაწევა კერძო სუბიექტებს აეკრძალება. 1 ოქტომბრიდან კერძო კომპანიებს ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტი სრულად ჩამოერთმევათ და ეს მიმართულებაც სახელმწიფოს პრეროგატივა გახდება. 


ცვლილებების მიზეზებზე საუბრისას, ზაზა ლომინაძემ განაცხადა, რომ იყო შემთხვევები, როცა ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამის ბენეფიციარი ორივე პროგრამაში მონაწილეობდა, ცვლილებების შემდეგ კი ეს გამორიცხული იქნება და აღრიცხვიანობა  მოწესრიგდება. 

ლომინაძის ინფორმაციით, ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამას 20 კერძო და 21 სახელმწიფო კლინიკა ახორციელებს.  კერძო ობიექტები, მართალია, საქართველოს მასშტაბითაა გადანაწილებული, მაგრამ ეს არ არის მუნიციპალიტეტების პრინციპით და ზოგჯერ ერთი ცენტრი 4-5 მუნიციპალიტეტს ემსახურება. ცვლილებების მიზანი კი, ლომინაძის განმარტებით, არის ის, რომ ეს ცენტრები ან ადგილზე ჩანაცვლდება, ან მოძიებული იქნება ახალი ადგილი, რისთვისაც სახელმწიფოს მზაობა აქვს. 


რაც შეეხება მედპერსონალს, რომელიც, ცენტრების ნაწილის წარმომადგენლების თქმით, გაურკვეველ მდგომარეობაშია, ზაზა ლომინაძის თქმით, მათ სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობა შეეთავაზებათ, რადგან ნარკოლოგები დეფიციტური პროფესიის წარმომადგენლები არიან და მათი რესურსი საჭიროა.