დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური სადაზღვევო ბაზრის 2025 წლის პირველი კვარტლის მაჩვენებლებს აქვეყნებს.
სტატისტიკის თანახმად, კერძო სამედიცინო დაზღვევით საქართველოს მოსახლეობის 21% სარგებლობს. ქვეყანაში ჯანმრთელობის დაზღვევის 773,366 მოქმედი პოლისია, წინა წლის იგივე პერიოდში ეს მონაცემი 731,140 იყო.
2024 წლის ჯამური მონაცემებით, საქართველოში კერძო სამედიცინო დაზღვევის 741,174 პოლისი იყო, რაც მოსახლეობის 20%-ს შეადგენდა.
2025 წლის 3 თვის განმავლობაში სამედიცინო დაზღვევის სახეობაში მოზიდული პრემია 249 მლნ. ლარს შეადგენს. წინა წლის იგივე პერიოდი ეს მონაცემი 212 მილიონი იყო. ბაზრის ყველაზე დიდ, 27%-იან წილს „ჯიპიაი“ ფლობს, მეორე ადგილზეა „იმედი ელი“ 21%-ით, მესამე კი „არდი“ 12%-ით.
სტატისტიკის თანახმად, 2025 წლის 3 თვის განმავლობაში მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან 453 მილიონი ლარი შეადგინა. ამავე პერიოდის შედეგებით მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ 76 მილიონი ლარი, წმინდა მოგებამ კი 26 მილიონი ლარი შეადგინა.
სადაზღვევო კომპანიების აქტივების ჯამური მოცულობა შეადგენს 1 675 მილიონ ლარს, ხოლო კაპიტალი 473 მილიონ ლარს
2025 წლის 31 მარტის მდგომარეობით, ქვეყანაში 19 სადაზღვევო კომპანიაა რეგისტრირებული.