ექიმების გუნდმა ჩინელი ქირურგის, პროფესორ დოქტორ რონგ ლიუს ხელმძღვანელობით პეკინში ორ პაციენტს ოპერაცია თანამგზავრისა და რობოტული ქირურგიული ტექნოლოგიების გამოყენებით, 5000 კილომეტრის დისტანციიდან ჩაუტარა. პაციენტები  ტიბეტის ქალაქ ლჰასაში იმყოფებოდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ ტრადიციულ, 5G-ით მხარდაჭერილ ქირურგიულ სისტემებს მანძილის შეზღუდვა აქვთ, გავრცელებული ინფორმაციით, ამ ოპერაციაში „Apstar-6D“ თანამგზავრის გააქტიურების შედეგად შეფერხებები მინიმუმამდე იქნა დაყვანილი.

ეს გახდა თანამგზავრული კავშირის გამოყენებით ჩატარებული ყველაზე შორმაგისტრალური ოპერაცია ისტორიაში. 
ამ პრაქტიკის დანერგვით შესაძლებელი ხდება წინააღმდეგობების აღმოფხვრა ქირურგიული დახმარების პროცესში, მათ შორის სტიქიური უბედურებების რაიონებში მყოფი დაშავებულებისთვის. 


ტრადიციულად, 5G-ტელექირურგია მიწისზედა ინფრასტრუქტურაზეა დამოკიდებული. სიგნალის შეფერხება თანამგზავრული ქირურგიის უმთავრესი პრობლემაა. შეფერხება ხშირად 600 მილიწამს აჭარბებს იმ ფონზე, როცა ქირურგიული სიზუსტის უსაფრთხო ზღვარი 200 მილიწამია.  ჩინელი ქირურგების მიერ ჩატარებული ოპერაცია ამ ბარიერების მოხსნის წარმატებული მაგალითი აღმოჩნდა.

რაც შეეხება პაციენტებს, ისინი 50 წელს გადაცილებული პირები არიან. მათ ოპერაცია ღვიძლის კიბოსა და ჰემანგიომაზე გაუკეთდა. ოპერაციების ხანგრძლივობამ 124 წუთი შეადგინა. კავშირის ახალი თაობის სისტემების დახმარებით, ოპერაციის დროს მონაცემთა ნაკადი შეუფერხებლად იყო უზრუნველყოფილი და ოპერაციები მაღალი სიზუსტით შესრულდა.  


ოპერაციის შემდეგ სერიოზული გართულებები არ ყოფილა და პაციენტები 24 საათში გაეწერნენ.

„ეს ტექნოლოგია არის გარღვევა კრიტიკულად მნიშვნელოვანი, სიცოცხლის გადამრჩენ ოპერაციებში, სამხედრო მოქმედებებისა და სტიქიური უბედურებების ზონებში, სადაც ექიმებს დროულად მისვლა არ შეუძლიათ,“ - განაცხადა მედიკოსთა ჯგუფის ხელმძღვანელმა რონგ ლიუმ. 


ჩინეთი ახლა გეგმავს, თანამგზავრული მოდელი ჯანდაცვის უფრო ფართო ნაციონალურ სტრატეგიაში ჩასვას. ექსპერტების თქმით, შესაძლოა ეს იყოს კოსმოსური მედიცინის ახალი ერის დასაწყისი, რაც ნიშნავს ადამიანების სიცოცხლის გადარჩენას მსოფლიოს ყველაზე მიუწვდომელ ადგილებში.