მეცნიერების გუნდი ჩინეთისა და ჰონგ-კონგის უნივერსიტეტებიდან ავითარებს მიკრორობოტულ ტექნოლოგიას, რომელიც, მათი თქმით, შეიძლება ექიმებს სინუსიტის ინფექციების მკურნალობაში დაეხმაროს.
სპილენძზე დაფუძნებული მიკრორობოტები ადამიანის თმის სისქეზე თხელია და ორგანიზმში ცხვირის ღრუს საშუალებით შედის. შემდეგ კი ცხვირის გავლითვე გამოვიდეს.
ცხვირის ღრუში შესვლის შემდეგ მაგნიტებისა და რეალურ დროში რენტგენული გამოსახულების მეშვეობით ისინი მთელს ორგანიზმში ნაწილდებიან.
შემდეგ მიკრორობოტებს სინათლის სტიმულირებით ათბობენ, რაც მათში ქიმიურ რეაქციებს აძლიერებს, რათა ბაქტერიულ ინფექციებზე იმოქმედონ.
წინაკლინიკურმა ცდებმა ცხოველებზე დადებითი შედეგები აჩვენა — მიკრორობოტებმა ეფექტიანად გაწმინდეს ინფექციები მკვდარი ღორებისა და ცოცხალი კურდღლების ცხვირის ღრუში, რომლებსაც ბაქტერიული სინუსიტი ჰქონდათ, და ამ პროცესში „მკვეთრად შესამჩნევი ქსოვილოვანი დაზიანება არ გამოვლენილა.“
პროექტის ავტორები იმედოვნებენ, რომ ამ სიახლემ შესაძლოა შეამციროს ქირურგიული ჩარევისა და ანტიბიოტიკების საჭიროება ქრონიკული სინუსიტის მკურნალობისას.
„ჩვენი შემოთავაზებული მიკრორობოტული თერაპიის პლატფორმა არაინვაზიური მიდგომის, მინიმალური წინააღმდეგობისა და პრეპარატების გარეშე ჩარევის უპირატესობებს იძლევა,“ — აცხადებენ მკვლევრები.
მიუხედავად იმისა, რომ ტექნოლოგია ადამიანებზე ჯერ არ შეუმოწმებიათ, მეცნიერებმა უკვე შექმნეს მოდელი იმისა, თუ როგორ შეიძლება მისი გამოყენება პაციენტებზე.
მკვლევართა თქმით, მომავალში ამ ტექნოლოგიის გამოყენება შესაძლოა სხეულის სხვა უბნებში არსებული ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდაც — მათ შორის სასუნთქი გზების, კუჭის, ნაწლავების, შარდის ბუშტისა და შარდსადენის არეალებში.
თუმცა, მეცნიერები ასევე ამბობენ, რომ ჯერ კიდევ არსებობს გარკვეული წინაღობები, მაგალითად, რისკი, რომ მოწყობილობა ორგანიზმში დარჩეს. ამიტომ სისტემის გამოცდა გრძელდება.
კვლევა გამოქვეყნდა ჟურნალ Science Robotics-ში და წარმოადგენს მიკრო- და ნანორობოტების გამოყენების მზარდი სფეროს ნაწილს— განსაკუთრებით პრეპარატების მიტანასა და დაავადებათა დიაგნოსტიკაში.