5 ივლისს, 17:00 საათზე ბათუმის რეფერალურ  საავადმყოფოში (მის: ბათუმი, ბაგრატიონის #125) ონკოპაციენტების ფსიქო-რეაბილიტაციის ცენტრი "ვარდისფერი სივრცე" გაიხსნება.

"ვარდისფერი სივრცე" პაციენტთა ორგანიზაცია  "ევროპა დონა საქართველოსა" და კავკასიის ონკოსაზოგადოების „HOPE” -ს ერთობლივ პროექტს წარმოადგენს, რომლის მიზანს ონკოპაციენტთა ფსიქო-სოცილიალური მხარდაჭერა, მათი ინფორმირებულობის გაზრდა და  მკურნალობის დაფინანსების პროგრამებსა და მედიკამენტების მოძიების ხელშეწყობა წარმოადგენს.


ღონისძიებას დაესწრებიან ექიმები, პაციენტები, მხარდამჭერები, სახელმწიფო სტურუქტურებისა და მედიის წარმომადგენლები. 

„ვარდისფერი სივრცე“ ონკოპაციენტების რეაბილიტაციის და ფსიქო-სოციალური მხარდაჭერის ინტენსიურად მოქმედი სივრცეა. მისი კარი ღიაა ყველა ონკოპაციენტისთვის და სივრცის მომსახურებით ყოველწლიურად ასობით ონკოპაციენტი უსასყიდლოდ სარგებლობს. სივრცეში ხდება სტიგმებით "დამძიმებული კიბოს“ ტრანსფორმირება და იქმნება ახალი, ჯანსაღი, საღი, სანდო და ავთენტური სტრატეგიები „კიბოსთან“ გასამკლავლებლად.

„ვარდისფერი სივრცე - ეს არის პირველი ფსიქო-სოციალური მხარდაჭერის ცენტრი ქვეყანაში ონკო-პაციენტებისათვის. „პაციენტები პაციენტებისთვის“ − ასეც ვუწოდებთ ხშირად სივრცეს, რადგან აქ დაგხვდებიან ქალები, რომლებმაც უკვე დაამარცხეს ეს ვერაგი დაავადება და ახლა სხვებს უზიარებენ თავიანთ ცოდნას, გამოცდილებასა და მხარდაჭერას. სწორედ, ამ სივრცეში გარდაიქმნება პირადი ისტორიები ხელნაკეთ აქსესუარებად, ნახატებად თუ ნაქარგებად. ტარდება ჯგუფური და ინდივიდუალური თერაპიები.სივრცე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია - ონკოპაციენტების სიცოცხლის ხარისხის გასაუმჯობესებლად, რაც პირდაპირ ნიშნავს - ბევრ გადარჩენილ შვილს, მშობელს, მოქალაქეს! სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ დღემდე საქართველოს მასშტაბით  ათასობით ქალბატონს დავეხმარეთ იმ რთულ გზაზე, რომელსაც სიცოცხლის გადასარჩენად ბრძოლა ჰქვია.სივრცეს ექვსი წლის განმავლობაში აფინანსებდა კერძო სექტორი და ამ ეტაპზე ვრჩებით სპონსორის გარეშე. დღეს უმნიშვნელოვანესია შევინარჩუნოთ სივრცე! მუდვივად ვახორციელებთ საქველმოქმედო და მხარდამჭერ ღონისძიებებს. სასიხარულოა რომ ანალოგიურ სივრცეს ვხსნით ბათუმშიც, რაშიც ბათუმის რეფერალური საავადმყოფო  ძალიან გვეხმარება. თუმცა ეს საკმარისი არ არის ჩვენ იმისთვის რომ ადამიანების სიცოცხლე გადავარჩინოთ ბიზნესსექტორის გვერდში დგომა გვესაჭიროება,“ - აღნიშნავს „ევროპა დონა საქართველოს“ პრეზიდენტი ანა მაზანიშვილი.

შეგახსენებთ, რომ "ვარდისფერი სივრცე" "ევროპა დონას საქართველოს" ძალისხმევითა და მხარდამჭერი კომპანიების საქველმოქმედო ფონდის დაფინანსებით, 2019 წელიდან, თბილისში (მის: თბილისი, პეკინის #10) ფუნქციონირებს  და მისი კარი პაციენტებისთვის, რომლებიც ძუძუს კიბოს დიაგნოზს ებრძვიან, მუდამ ღიაა.