აშშ-ის ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტების დაფინანსებით, COVID-19-ის ახალი ვარიანტების საწინააღმდეგო, ნაზალური (ცხვირის წვეთები) ვაქცინის კვლევა მიმდინარეობს.

კვლევების პირველ ფაზაში, რომელმაც ექსპერიმენტული ვაქცინის უსაფრთხოება უნდა შეამოწმოს, შტატებში მცხოვრები ჯანმრთელი ადამიანები იღებენ მონაწილეობას. 

ვაქცინა შტატების ინფექციური დაავადებებისა და ალერგიის ინსტიტუტის მკვლევარებმა, სხვა სტრუქტურებთან თანამშრომლობით შექმნეს. გამოცემა news-medical.net-ის ინფორმაციით, კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინების შექმნა მეცნიერების ტრიუმფი გახდა, მათმა გამოყენებამ კი პანდემიის შედეგები მნიშვნელოვნად შეარბილა. 
გამოცემა აღნიშნავს, რომ მართალია კოვიდის საწინააღმდეგო პირველი ვაქცინები კვლავ ეფექტიანად ებრძვის დაავადების მძიმე ფორმებსა და ლეტალური შედეგების თავიდან არიდებას უზრუნველყოფს, თუმცა ისინი ნაკლებად შედეგიანია დაინფიცირებისგან დაცვის კუთხით. 

ვირუსის ახალი ვარიანტების გამოჩენასთან ერთად, ვაქცინების ახალი თაობის შექმნის აუცილებლობა დადგა, მათ შორის - ცხვირის წვეთების სახით, რომლებიც SARS-CoV-2-ით დაინფიცირებასა და გადადებას შეუშლიდა ხელს.

კლინიკურ ეტაპამდე, პრიმატებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ პრეპარატი უსაფრთხოა და ორგანიზმს კარგად გადააქვს. 

ასევე დადასტურდა, რომ ვაქცინამ სისტემური იმუნური რეაქციები წარმოშვა, მათ შორის ანტისხეულები, ასევე ადგილობრივი იმუნიტეტი  ცხვირის ლორწოვანი გარსის უჯრედებსა და სასუნთქ გზებში.