კვლევები ადასტურებს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში, ისევე როგორც მთელს მსოფლიოში, დასაქმებულთა დიდი ნაწილი ყოველწლიურად დგება ფსიქიკური პრობლემების წინაშე. შტატებში ეს მაჩვენებელი 64%-ს შეადგენს. დამსაქმებლებისთვის ეს სერიოზული პრობლემაა, რომელსაც ისინი ვეღარ უგულვებელყოფენ. 
ასეთ ვითარებაში კომპანიები იყენებენ არაერთ პროფილაქტიკურ სტრატეგიას დასაქმებულთა კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად, დაწყებული მოქნილი სამუშაო გრაფიკის შეთავაზებით, თერაპიულ პროგრამებში მონაწილეობაში დახმარებით დამთავრებული. იმ შემთხვევებში კი, როცა თანამშრომელს სამსახურში მისვლაც არ შეუძლია, მათთვის ფსიქიკური ჯანმრთელობის დღეები, ანუ მეტალური შვებულების პრაქტიკა გამოიყენება.

ასეთი დღეების აღება თანამშრომლებს საშუალებას აძლევს, „ამოისუნთქონ“ და შვებულება მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი თავისთვის გამოიყენონ. 

მართალია, ასეთი პრაქტიკა კომპანიებს შორის ჯერ კიდევ იშვიათობაა, თუმცა მას სულ უფრო მეტი ბიზნესი მიმართავს.

ფსიქიკური ჯანმრთელობის დღე - ესაა შვებულების ანაზღაურებადი დღე, რომლის აღებაც თანამშრომელს სტრესის, შფოთვის ან სხვა მენტალური პრობლემების დროს შეუძლია. ასეთ შვებულებაში ყოფნისას თანამშრომელს უფლება აქვს დისტანცირდეს საკუთარი ვალდებულეებისგან და საკუთარი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე მოახდინოს კონცენტრაცია - დაისვენოს და გააკეთოს ის, რაც მას მოსწონს. 
გამოცემა tech.co იმ კომპანიებს ჩამოთვლის, რომლებმაც აღნიშნული პრაქტიკა დანერგეს. ესენია:


LinkedIn
Nike
Duolingo
Signal Advisors
Netflix
NerdWallet
Microsoft
Intuit

LinkedIn-მა მენტალური შვებულება 2021 წელს 16 ათას თანამშრომელს მისცა. მენეჯმენტმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც აღმოაჩინა, რომ პანდემიის დროს თანამშრომლებში სტრესის დონემ ჩვეულ ზღვარს გადააჭარბა. ამ კოლექტიური კვირის გარდა, კომპანია ასევე მოუწოდებს თანამშრომლებს, აიღონ ფსიქიკური ჯანმრთელობის დღეები იმ დროს, როცა ამას თავად ჩათვლიან საჭიროდ.


ენების შემსწავლელი პლატფორმის Duolingo-ს ხელმძღვანელობამ კი გადაწყვიტა, ზამთრის არდადეგების დროს, პიტსბურგში საკუთარი ოფისები  ორი კვირით დახუროს, რათა ყველა თანამშრომელს ჰქონდეს საშუალება, სრულად აღიდგინოს ძალები სადღესასწაულო პერიოდში. 

კომპანიაში მოქმედებს შვებულების გულუხვი პრაქტიკა, რომელიც მათ საშუალებას აძლევს, უქმე დღეები შეუზღუდავი რაოდენობით აიღონ, თუკი ისინი ავად არიან ან ცუდი ფსიქიკური მდგომარეობა აქვთ. 
იგივე მიდგომა აქვს Netflix-ს. ის დასაქმებულს უფლებას აძლევს, შვებულება ნებისმიერ დროს აიღოს.


კვლევებით დასტურდება, რომ განტვირთვის დღეები სასიკეთოდ აისახება როგორც ადამიანის მენტალურ კეთილდღეობაზე, ასევე ფიზიკურ ჯანმრთელობაზე. დასაქმებული ბევრად მხნედ და მოტივირებულად გრძნობს თავს. ეს კი მომგებიანია კომპანიისთვისაც — დასვენებული თანამშრომელი არა მხოლოდ უფრო პროდუქტიულია, არამედ მეტად კრეატიულიც, რადგან რუტინისგან გამოთავისუფლებულ დროში ძალების აღდგენასთან ერთად, ტვინის "განიავება" და ახალი იდეებისთვის კარის გაღებაა შესაძლებელი.