ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ მარტოობა ჯანმრთელობისთვის გლობალურ საფრთხედ დაასახელა.

ამერიკის მთავარი ქირურგის შეფასებით კი, როგორც The Guardian-ი წერს, სიკვდილიანობაზე მარტოობის გავლენა დღეში 15 ღერი სიგარეტის მოწევის ეკვივალენტია. 


ჯანმომ ამ პრობლემასთან დაკავშირებით სპეციალური საერთაშორისო კომისიაც კი შექმნა. სწორედ მისი ერთერთი ხელმძღვანელია ამერიკის მთავარი ქირურგი ვივეკ მურტი.

კომისიის კიდევ ერთი ხელმძღვანელის, აფრიკელი დიპლომატის ჩიდო მპემბას განცხადებით, მარტოობის პრობლემა კიდევ უფრო გაამწვავა კოვიდპანდემიამ, რომელმაც ადამიანების სოციალური და ეკონომიკური აქტივობა შეაფერხა.

„მარტოობამ არ იცის საზღვრები და ის ხდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის გლობალური პრობლემა, რომელიც ჯანმრთელობის, კეთილდღეობისა და განვითარების ყველა ასპექტს ეხება. სოციალურმა იზოლაციამ არ იცის არც ასაკი და არც საზღვრები,“ - განაცხადა მპემბამ. 

მურტის მონაცემები, მსოფლიოში ყოველი მეოთხე ხანდაზმული ადამიანი სოციალურ იზოლაციას განიცდის. კვლევები ასევე აჩვენებს, რომ მოზარდების 5-დან 15% მარტოა. აფრიკაში ეს მაჩვენებელი 12,7%-ია, ევროპაში კი 5,3%. 

ახალგაზრდები, რომლებიც სკოლის ასაკში მარტოობას განიცდიან, უნივერსიტეტს ყველაზე ხშირად ტოვებენ. სამსახურში კი გარიყულობის და მხარდაჭერის არარსებობის განცდა მათში შრომის ნაყოფიერებასა და სამსახურით კმაყოფილების განცდას ასუსტებს. 

მურტის თქმით, მარტოობა - ესაა პრობლემა, რომლის ჯანმრთელობაზე გავლენა სათანადოდ შეფასებული არაა. ის კი ფსიქიკურ და ფიზიკურ ჯანმრთელობას სერიოზულ ზიანს აყენებს. CNN-ი წერს, რომ კვლევების თანახმად, მარტოობამ ადამიანებს შესაძლოა სუიციდისკენ უბიძგოს. ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ საკმარისი სოციალური კავშირები, ნაადრევი გარდაცვალების მომატებული რისკის წინაშე დგანან. 

მარტოობა და სოციალური იზოლაცია დიდი ხანია დაკავშირებულია ცუდ იმუნიტეტთან და გულსისხლძარღვთა პრობლემებთან, როგორიცაა მაღალი წნევა. ეს ფაქტირები 30%-ით ზრდის ინსულტის რისკს.

მარტოობისკენ მიდრეკილ ადამიანებში მაღალია მწეველობის, ცხოვრების პასიური წესის და სხვა მავნე ჩვევების მაჩვენებელი.

ჯანმოს მიერ შექმნილი კომისიის მიზანია, შექმნას სტრატეგიები, რომლებიც ადამიანებს სოციალური კავშირების გაღრმავებაში დაეხმარება.