ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ ღაზაში, ალ-შიფას საავადმყოფოსთან კავშირი დაკარგა. ჯანმო შეშფოთებას გამოთქვამს კლინიკის მედპერსონალის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ კვლავ იღებენ ინფორმაციას საავადმყოფოზე განმეორებითი თავდასხმების შესახებ.

ორგანიზაციის მონაცემებით, სტაციონარული პაციენტების რაოდენობა თითქმის ორჯერ აჭარბებს კლინიკის შესაძლებლობებს.

 
მანამნდე ისრაელის არმიამ საავადმყოფოზე თავდასხმა უარყო. მათი თქმით, ჰამასი მცდარ ინფორმაციას ავრცელებს იმის შესახებ, რაც ახლა საავადმყოფოებში ხდება. 

ისრაელის მხარის წარმომადგენლის განცხადებით, ისრაელმა დატოვა მუდმივი თავისუფალი დერეფანი, რომელიც საავადმყოფოში შესვლისა და გასვლის საშუალებას იძლევა. 

მისივე თქმით, არმია ხელს შეუწყობს ბავშვების საავადმყოფოდან ევაკუაციას. ერთერთი პედიატრიული კლინიკა კი უკვე ევაკუირებულია. ეს, მათივე განცხადებით, მას შემდეგ მოხდა, რაც მოკლეს ტერორისტი, რომელსაც 1000 ადამიანი ჰყავდა მძევლად აყვანილი. 

ამის მიუხედავად, ჯანმოს ბოლო განცხადების თანახმად, ღაზას მთავარმა საავადმყოფომ, როგორც სამედიცინო დაწესებულებამ, მუშაობა შეწყვიტა. ამის მიზეზი პაციენტების გარდაცვალების შემთხვევეთა მკვეთრი ზრდა გახდა. ახლა ალ-შიფაში მინიმუმ 2300 სამოქალაქო პირი რჩება. 

ღაზას ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საავადმყოფოში გენერატორებისთვის საწვავის მარაგი ამოიწურა. 
ისრაელი კი აცხადებს, რომ მზადაა კლინიკიდან ახალშობილების ევაკუაცია მოახდინოს, ამასთან, მისივე თქმით, ეს რაიონი არის კანონიერი სამხედრო სამიზნე, რადგან შენობების ქვეშ ჰამასის ბაზაა განთავსებული.
ისრაელის მხარის განცხადებითვე, შაბათს, ღამის საათებში საავადმყოფოს მიმდებარედ საწვავი დატოვა, თუმცა ის არავის აუღია, რადგან საავადმყოფოს თანამშრომლებს გარეთ გასვლის ეშინიათ.