კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის ფსკერზე შესაძლოა ყოფილიყო ჯანმრთელობისთვის ძალიან საშიში, უამრავი ნივთიერება, რომლებიც, აფეთქების შემდეგ დატბორილი ტერიტორიების მოსახლეობას საფრთხეს შეუქმნის. ამის შესახებ Telegram-არხზე უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრო წერს.

„ქიმიკატები, ინფექციური დაავადებების გამომწვევები სასაფლაოებიდან, საპირფარეშოებიდან და ნაგავსაყრელებიდან შესაძლოა მოხვდეს ჭებსა და ღია წყალსაცავებში

იმ ტერიტორიებზე, რომლებიც ტერორისტი სახელმწიფოს მიერ ჰესის აფეთქების შედეგად დაიტბორა,“ - აღნიშნავს ჯანდაცვის სამინისტრო.

უწყების ინფორმაციით, ადგილზე უკვე მუშაობენ დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლები და ჭებიდან და წყალსაცავებიდან წყლის სინჯებს იღებენ.

ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობას ურჩევს, სიფრთხილის ზომები დაიცვან და წყალი უსაფრთხო წყაროებიდან აიღონ.

ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ახდენენ ანტიბიოტიკების მომარაგებას მწვავე ნაწლავური ინფექციების სამკურნალოდ.

შეგახსენებთ, რომ აფეთქება უკრაინაში გუშინ მოხდა. შედეგად დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე 70-მდე სახლი, ხიდი და 23 უბანი დაიტბორა. აფეთქების შედეგად დაახლოებით 40.000 ადამიანის ევაკუირება გახდა საჭირო. ამ დრომდე დაკარგულია შვიდი პირი. უკრაინის სახელმწიფო ბირთვული მარეგულირებელი ინსპექციის განცხადებით, საფრთხე ემუქრება ასევე ზაპორიჟიეს ელექტროსადგურს.