ე.წ. „კიბოს საწინააღმდეგო აბი,“ რომელიც, მარტივად რომ ვთქვათ, სოლიდურ სიმსივნეებს ებრძვის, ამ ეტაპზე ადამიანებზე გამოიცდება.

ახალი პრეპარატი, რომელიც AOH1996-ის სახელითაა ცნობილი, 20 წლის  განმავლობაში იქმნებოდა და ახლა აშშ-ში წინა კლინიკურ კვლევებს გადის. ინფორმაციას ამის შესახებ Sky News-ი ავრცელებს და წერს, რომ წინა კვლევების თანახმად, პრეპარატი კლავს დიდ სიმსივნეებს და ორგანიზმის ჯანმრთელ უჯრედებს არ ეხება. 
“ჩვენი კიბოს საწინააღმდეგო აბი თოვლის ქარიშხალს ჰგავს, რომელიც ხურავს ავიაკვანძს და კეტავს ყველა რეისს მხოლოდ იმ თვითმფრინავებზე, რომლებსაც კიბოს უჯრედები გადააქვთ,” - განაცხადა პროფესორმა ლინდა მალკასმა, რომელიც პრეპარატის შექმნაში მონაწილეობდა. 


ამ დრომდე ჩატარებული სამუშაოების საფუძველზე მკვლევარები მივიდნენ დასკვნამდე, რომ AOH1996-ს შეუძლია სიმსივნეების ზრდის დათრგუნვა ცხოველებში, ახლა კი კლინიკური კვლევების პირველი ფაზა ადამიანებში ტარდება. 


წინა კვლევებით ასევე დადგინდა, რომ პრეპარატი ეფექტიანია სარძევე ჯირკვლის, წინამდებარე ჯირკვლის, ტვინის, საკვერცხეების, საშვილოსნოს ყელის, კანისა და ფილტვების კიბოს სამკურნალოდ. 

ახლა მეცნიერებს გაუჩნდათ იმედი, რომ ეს გარღვევა მომავალში კიბოს საწინააღმდეგო, ზუსტი დანიშნულების წამლების შექმნამდე მიგვიყვანს. 

ამ ეტაპზე კიბოს მკურნალობისთვის თერაპიული მედიკამენტები გამოიყენება. 2020 წელს ევროკავშირმა გაყიდვაში დაუშვა პრეპარატი Lynparza, რომელიც კუჭქვეშა ჯირკვლის კიბოს მკურნალობის დამხმარე მედიკამენტია.