ჰაერის მაღალი ტემპერატურა, დიდი ალბათობით, გავლენას ახდენს თავის ტვინის პრეფრონტალურ ქერქზე, რომელიც თვითკონტროლზეა პასუხისმგებელი.

ასეთია ვაშინგტონისა და ჩიკაგოს უნივერსიტეტებს მკვლევრების ვარაუდი, რომელიც მათ ასობით ადამიანის კვლევის შემდეგ გაუჩნდათ. ინფორმაციას ვაშინგტონის უნივერსიტეტის საიტი (news.wsu.edu) ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ კვლევა ჩიკაგოს მოსახლეობაში ჩატარდა, რომელიც 2022 წელს ჰაერის ექსტრემალური სიცხის პირობებში აღმოჩნდა. ჰაერის მაღალი ტემპერატურა ადამიანებს აწუხებდა როგორც დღისით, ასევე ღამის საათებში.

კვლევის ფარგლებში 400-მდე მოსახლე ზაფხულის განმავლობაში საკუთარ განწყობას აკვირდებოდა. მათმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ ჰაერის მაღალი ტემპერატურა მათში გაღიზიანებას, იმპულსურ ქცევებსა და სხვა ადამიანებზე სიტყვიერ თავდასხმებს იწვევდა. 


მკვლევარ ქიმბერლი მეიდენბაუერის თქმით, კვლევის მიზანი იყო გაერკვიათ, რა გავლენას ახდენს ადამიანების განწყობასა და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ჰაერის მაღალი ტემპერატურა. 


მისი თქმით, თუ ადამიანი შედარებით იმპულსურია, ჰაერის მაღალი ტემპერატურის დროს, დიდი ალბათობით, მისთვის სარისკო ქცევები იქნება დამახასიათებელი, მათ შორის ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარება და საკუთარი თავის დაზიანება.

ამასთან, აღმოჩნდა, რომ გაზრდილი იმპულსურობა სიცხეების გადავლის შემდეგაც, გარკვეული დროის განმავლობაში ნარჩუნდება. 

სპეციალისტის განცხადებით, ძალისხმევა უნდა იქნას მიმართული ისეთი ინფრასტრუქტურის შექმნაზე, რომელიც ადამიანების საცხოვრებელი გარემოს გაგრილებას შეუწყობს ხელს.

იგულისხმება გაგრილების პასიური სისტემების მქონე შენობების აგება, რომლებიც ისეა დამონტაჟებული, რომ ზამთრობით სიცივის, ზაფხულში კი სითბოს სწრაფ დაკარგვას უწყობს ხელს. პასიური გაგრილება და ბუნებრივი ვენტილაცია შეიძლება მიღწეული იყოს სხვადასხვა დიზაინის სტრატეგიით. ასევე მნიშვნელოვანია გამწვანება და სხვა ღონისძიებები, რომლებიც სითბური კუნძულის ეფექტის შემცირებას შეუწყობს ხელს. 
სითბურ კუნძულს უწოდებენ ქალაქებსა და სამრეწველო რაიონებში, თბური ენერგიის გამოყოფის შედეგად წარმოქმნილ, მაღალი ტემპერატურის ზონებს.

მეიდენბაუერი აღნიშნავს, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში გაგრილების სისტემებზე წვდომას გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება დაბალი შემოსავლის მქონე და რისკის ჯგუფში შემავალი ადამიანებისთვის.