statista.com-ის მონაცემებით, 2020 წელს მსოფლიოს ველნეს ინდუსტრიის მოცულობამ 4,3 ტრილიონი დოლარი შეადგინა, 2022-ში - 5,61 ტრილიონი, 2025 წლისთვის ეს ციფრი 7 ტრილიონ ამერიკულ დოლარამდე ავა, 2027 წლისთვის კი 8,47 ტრილიონს მიაღწევს.

2022 წლის მაჩვენებლით, ველნეს-ინდუსტრიის მონაცემები, სეგმენტების მიხედვით ასეთი იყო: 
თავის მოვლა და სილამაზე - ტრილიონ დოლარზე მეტი; ასევე ტრილიონ დოლარს აჭარბებდა ჯანსაღ კვებასა და წონის კლებაზე დახარჯული თანხები. შემდეგ მოდის ფიზიკური აქტივობა (927 მილიარდი), საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და პრევენციულ მედიცინის სერვისებში კი მსოფლიოს მოსახლეობამ 600 მილიარდი დახარჯა. შემდეგ მოდის ტრადიციული მედიცინა, ველნეს ტურიზმი, სპა და ა.შ.

ველნესის კონცეფცია ნიშნავს ფიზიკური და სულიერი მდგომარეობის შენარჩუნებას. ეს სფერო განსაკუთრებით აქტუალურია თანამედროვე ცხოვრების ტემპის, სტრესისა და ეკოლოგიური პირობების გათვალისწინებით.

ადამიანებს სულ უფო ხშირად უჩნდებათ ნორმალური ფიზიკური და ფსიქიკური მდგომარეობის შენარჩუნების სურვილი. მათ აქვთ მოთხოვნილება მოიყვანონ თავიანთი ფიზიკური და სულიერი მდგომარეობა ჰარმონიაში,  გაიხანგრძლივონ ახალგაზრდობა, შეაჩერონ დაბერება და ჰქონდეთ ხარისხიანი ცხოვრება რაც შეიძლება დიდი ხნის განმავლობაში.  დღეს მსოფლიოში უამრავი ადამიანი ცდილობს ველნეს ინდუსტრიის პროდუქტებისა და მომსახურების გამოყენებას.

ველნეს ინდუსტრია მოიცავს აქტიური, სრულყოფილი ცხოვრების წესს; კვებას ინდივიდუალური რაციონით; კლიმატოთერაპიას, ბალნეო-მედიცინას, სამკურნალო ბალახებს და აბაზანებს, ღვინოთერაპიას, ტალახით მკურნალობას, მაგნიტური ქვიშას, ზღვის აბაზანებს, მცენარეულ ფლვონოიდებს (ანტიოქსიდანტებს) და წყალმცენარეებს; ასევე ინდივიდუალურად შერჩეულ ფიზიკურ დატვირთვას: ცურვას, სამთო-სათხილამურო სპორტს, სამკურნალო ფიზკულტურას, მასაჟს, ცხენით სეირნობას და ა. შ. ასევე კანის სწორ მოვლას.