სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდასთან ერთად, უახლოეს წლებში გაიზრდება იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებსაც დემენცია განუვითარდებათ. ამის შესახებ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაზე დაყრდნობით CNBC-ი წერს.

ორგანიზაციის მონაცემებით, 2023 წელს მსოფლიოში დემენციის მქონე 55 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა. World Happiness Report-ის თანახმად კი, რომელსაც გაერო გამოსცემს, 2025 წლისთვის დემენციის ან „ალცჰაიმერის“ დადასტურებული დიაგნოზის მქონე ადამიანების რაოდენობა მსოფლიოში 139 მილიონს მიაღწევს. 
მედიცინისა და ტექნოლოგიის განვითარებასთან ერთად, ადამიანების სიცოცხლის ხანგრძლივობა იზრდება. ამასთან, მატულობს ხანდაზმული ადამიანების წილი. იგივე ჯანმოს მონაცემებით, 2050 წლისთვის 65 და უფრო ასაკოვანი ადამიანების რიცხვი 2,1 მილიარდს გადააჭარბებს. შესაბამისად, გაიზრდება დემენციის მქონე ადამიანების რაოდენობაც. 

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, დემენცია ძირითადად ასაკთან ერთად ვლინდება და შესაძლოა მთელი რიგი დაავადებებით იყოს გამოწვეული, რომლებიც თანდათანობით ანგრევს ნერვულ უჯრედებს და აზიანებს ტვინს, რაც კოგნიტური ფუნქციების დაქვეითებას იწვევს. 


ორგანიზაციის მიერ მოყვანილი სტატისტიკის თანახმად, დღეს მსოფლიოში დემენცია სიკვდილის მეშვიდე მიზეზია და დაინვალიდების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია ხანდაზმულ ადამიანებს შორის.

ჯანმოს მონაცემებით, ყოველწლიურად მსოფლიოში დემენციის 10 მილიონამდე ახალი შემთხვევა რეგისტრირდება.