სამხრეთ კორეის სოციალური ინსტიტუტის ჯგუფი, ჯასტინ ლის ხელმძღვანელობით, ატარებს კვლევებს და უკვე ამ ეტაპზე აცხადებს, რომ მიაგნო მეთოდს, რომელიც არის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული ნაბიჯი მათთვის, ვისაც წონის დაკლება სურს.

კვლევის ავტორებმა აღმოაჩინეს, რომ გარკვეული ნეირონები თამაშობენ გადამწყვეტ როლს ცხიმოვანი ბალანსის რეგულირებაში.

კვლევების ფარგლებში, GABRA5-ის ნეირონების  აქტივიზაციამ გამოიწვია ლაბორატორიულ თაგვებში წონის კლება. ამან კი დაადასტურა, რომ ამ ნეირონებს შეუძლიათ მოქმედება, როგორც მეტაბოლურ გადამრთველებს.

მკვლევარებმა დააფიქსირეს თაგვების ცხიმოვან ქსოვილში სითბოს გამომუშავების ზრდა, რაც წონის კლებას იწვევდა.

რაც შეეხება პრეპარატს, მისი პირობითი სახელწოდებაა KDS2010 და ის ამ ეტაპზე კლინიკური ცდების პირველ ეტაპს გადის. აღსანიშნავია, რომ პრეპარატის შედეგად წონის კლება ყოველგვარი დიეტის გარეშე დაფიქსირდა.

იმის გათვალისწინებით, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ჭარბი წონა 21-ე საუკუნის დაავადებად გამოაცხადა, KDS2010 იძლევა იმედს, რომ ახალი თაობის მედიკამენტი გახდება.

„ჩვენ განვიხილავთ KDS2010-ს, როგორც პოტეციურ გარღვევას, რომელსაც შეუძლია ეფექტიანად ებრძოლოს ჭარბ წონას, მადის დაქვეითების გარეშე,“ - განაცხადა ჯასტინ ლიმ.  მკვლევარები ამბობენ, რომ ესაა მეთოდი, რომელიც ადამიანებისგან არ ითხოვს საკუთარი რაციონის ცვლილებას, ხოლო რადგანაც ჭარბი წონის პრობლემა მსოფლიოს მოსახლეობის სულ უფრო დიდ ნაწილს აწუხებს, ეს შესაძლოა, იყოს ის გადაწყვეტა, რომელსაც მსოფლიო ელოდა.