თურქეთში, კერძოდ კი სტამბოლში ახალი სახელმწიფო კლინიკის აშენება იგეგმება, სადაც იშვიათი დაავადებების მკურნალობა მოხდება. საავადმყოფოში გენური თერაპიის მეთოდებს გამოიყენებენ. იქვე განთავსდება საწარმო, რომლებიც ამ მეთოდისთვის საჭირო მედიკამენტებს გამოუშვებს.
ამის შესახებ თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთინ კოჩმამ განაცხადა და აღნიშნა, რომ ახალი კლინიკის ამოქმედების შედეგად თურქეთი თავად აწარმოებს სპინალურ-კუნთოვანი ატროფიის სამკურნალო პრეპარატს და თავადვე გამოიყენებს მას პაციენტების მკურნალობის პროცესში.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული პრეპარატი მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ წამლად მიიჩნევა.
მინისტრმა თურქეთის ჯანდაცვის სისტემაში დაგეგმილ სხვა სიახლეებზეც ისაუბრა. მისი თქმით, ქვეყანა გეგმავს ნაბიჯების გადადგმას ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებისთვის.
„ჩვენ განვაცხადეთ ისეთი სისტემის შექმნის შესახებ, რომელიც 65 წელს გადაცილებულ ჩვენს მოქალაქეებს მოემსახურება. შეფარდება იქნება ერთ ექიმი და 2 მედდა 250 ადამიანზე. როდესაც ჩვენს ხანდაზმულებს ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნებათ, ჩვენ უზრუნველვყოფთ მათ მომსახურებას აღნიშნული ცენტრების საშუალებით. ამავდროულად მივაწდვით დისტანციურ სამედიცინო სერვისებს. საჭიროების შემთხვევაში მათ ბინაზეც მოვემსახურებით,“ - განმარტა მინისტრმა. მისივე ინფორმაციით, თურქეთის ჯანდაცვის სისტემაში ასევე იწყება ოჯახის სტომატოლოგის ინსტიტუტის დანერგვა. გეგმის მიხედვით, ყოველ 10 ათას მოსახლეზე ერთი ოჯახის სტომატოლოგი იმუშავებს.