თურქეთი ღაზაში 20 საველე ჰოსპიტალს განათავსებს. 


სააგენტო „ანადოლუს“ ინფორმაციით, მინისტრ ფაჰრეთინ კოჯას განცხადებით, ამ მიმართულებით ორ ლოკაციაზე შესაბამისი მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

მისივე თქმით, თურქეთი პალესტინის მხარეს ასევე გადასცემს სასწრაფო დახმარების 40 მანქანას. ღაზაში თურქეთიდან გაიგზავნა ინკუბატორები, ხელოვნური სუნთქვის აპარატები, დიდი და მცირე გენერატორები. 
თურქეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ისინი მზად არიან, დაუყოვნებლივ დაიწყონ სამედიცინო საქმიანობა, როგორც კი შესაბამის ნებართვას მიიღებენ.

უახლესი ინფორმაციით, ეგვიპტემ სინაის ნახევარკუნძულზე დაჭრილებისთვის საველე ჰოსპიტალი მოამზადა. რაფაჰის გამშვები პუნქტის მეშვეობით, ეგვიპტიდან ღაზაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანები უკვე შევიდა. საუბარია 80 მანქანაზე.