თურქეთში ორგანოების მოლოდინში 30 ათასი ადამიანია და მომლოდინეთა რაოდენობა კიდევ უფრო იზრდება.
ზოგადი ქირურგიის პროფესორის, Liv Hospital-ის ტრანსპლანტალოგიის ცენტრის პრეზიდენტის აიჯან დინკანის განცხადებით,
მომლოდინეთა უმეტესობა თირკმლის გადანერგვას საჭიროებს. ამ 30 ათასი პაციენტიდან კი 15 % ბავშვია.
„ცოცხალი დონორის პირველი წესი ესაა მოხალისეობა. ასეთივე, კეთილი ნების პრინციპი უნდა იყოს ტვინის სიკვდილის შემთხვევაშიც. ეს პრობლემა უნდა განვიხილოთ არა როგორც ექიმებისა და სამედიცინო პერსონალოს, არამედ მთელი საზოგადოების პრობლემა. საზოგადოებამ ორგანოების დონორობა უნდა დააბრუნოს დღის წესრიგში. მსოფლიოში მიმდინარეობს ომები, არის ეკონომიკური და კულტურული პრობლემები, არის მიგრაციის პრობლემაც. ამ პირობებში კი იზრდება ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანების პრობლემები. ეს მნიშვნელობანი საკითხია, რადგან ორგანოების ქრონიკული უკმარისობის მქონე ადამიანების მოლოდინი უკავშირდება ადამიანის სიცოცხლის ფუნდამენტურ უფლებას. სწორედ ამიტომ ეს საკითხი ისევე უკიდურესად მნიშვნელოვანია, როგორც ომების თემა. ბევრი ადამიანი იღუპება იმის გამო, რომ ორგანოებს დროულად ვერ პოულობს. ამიტომ ორგანოების დონორობის გაზრდის ერთადერთი საშუალებაა მოხალისეების რაოდენობის გაზრდა, “- განაცხადა აიჯან დინკანმა.
გარდაცვლილი ადამიანების ორგანოების გადანერგვის მნიშვნელობა კი მან ასე ახსნა:
„იმის მაგივრად, რომ მიწაში დალპეს, ტვინის სიკვდილის შემდეგ ამ ორგანოებს აძლევენ ადამიანებს, რომლებსაც ისინი სჭირდება და მათ ამით სიცოცხლის უფლება ეძლევათ. ისეთ ქვეყნებში, როგორიც ჩვენია, ცოცხალი დონორისგან მიღებული ორგანოს გადანერგვა უფრო გავრცელებულია. ამის ერთადერთი მიზეზი ისაა, რომ დონორული ორგანოების არასაკმარისი რაოდენობის გამო, პაციენტების ოჯახის წევრები თავად აგვარებენ პრობლემას და ცოცხალი დონორები ხდებიან. “
ცნობისთვის: ორგანოთა დონორობის კუთხით საქართველოს ახალი კანონმდებლობა აქვს.
პარლამენტმა „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით, 82 ხმით გუშინ მიიღო.
კანონპროექტით გათვალისწინებულია, რომ ტრანსპლანტაციის შესახებ გადაწყვეტილება უნდა იყოს უანგარო და გამორიცხული უნდა იყოს კომერციული გარიგება ტრანსპლანტაციის გადაწყვეტილების მიღების და ორგანოების გადაცემისას.
გათვალისწინებულია სამინისტროს სისტემაში ტრანსპლანტაციის სამმართველოს და, შესაბამისად, მართვის ცენტრალური ბაზის შექმნა.