ყაზახეთში ვეიპებს სრულად აკრძალავენ - ამის შესახებ ინფორმაცია ქვეყნის საპარლამენტო პარტიამ Respublica-მ გაავრცელა. 

„ყაზახეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ვეიპების, სითხეებისა და მათი არომატიზატორების სრულად აკრძალვის შესახებ,“ - ნათქვამია ინფორმაციაში. 
უწყებათაშორისი კომისიის წევრებმა თითქმის ერთხმად დაუჭირეს მხარი ელექტრონული სიგარეტების, სითხეებისა და მათი არომატიზატორების გაყიდვის, იმპორტის, ექსპორტისა და წარმოების აკრძალვას. ინიციატივის ავტორის, დეპუტატ ნურგულ ტაუს განცხადებით, ვეიპების მავნებლობა ეჭვქვეშ არ დგას, ამიტომ 2021 წლიდან ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო მწვავედ აყენებს საკითხს ვეიპების ბრუნვის აკრძალვის შესახებ.

პარლამენტარმა ყაზახეთის პრემიერმინისტრს აღნიშნული აკრძალვის შემოღების წინადადებით ჯერ კიდევ მაისში მიმართა და სკოლის მოსწავლეებს შორის ელექტრონული სიგარეტის გავრცელების დონეს “ეპიდემია” უწოდა. მისი თქმით, ვეიპები ბავშვებს შორის უკონტროლოდ ვრცელდება და უპრობლემოდაა ხელმისაწვდომი. 
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ყაზახეთში 2020-დან 2022 წლამდე პერიოდში ვეიპების ბაზარი 300-ჯერ გაიზარდა.