AstraZeneca-მ მიიღო გადაწყვეტილება, მთელი მსოფლიოს მასშტაბით მისი წარმოების კოვიდ-ვაქცინა გაიწვიოს. აღნიშნული ნაბიჯი შვედურ-ბრიტანულმა ფარმაცევტულმა გიგანტმა მას შემდეგ გადადგა, რაც სასამართლო დოკუმენტებში აღიარებულ იქნა ვაქცინის იშვიათი და საშიში ეფექტი, რაც დიდ ბრიტანეთში დაფიქსირებულ, 80 ლეტალურ შემთხვევას უკავშირდება.
აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ ცნობილი გახდა იშვიათი გვერდითი მოვლენებით დაზარალებულთა სასამართლო პროცესის ფონზე.
თუმცა, როგორც გაზეთი The Daily Telegraph-ი წერს კომპანიამ თავისი გადაწყვეტილება კომერციული მოსაზრებით, კერძოდ, პრეპარატზე მოთხოვნის კლებით ახსნა.
შედეგად, უკვე 7 მაისიდან ვექტორული ვაქცინის Vaxzevria-ს ევროკავშირის ტერიტორიაზე გამოყენება აიკრძალა. უახლოეს თვეებში პრეპარატი გაწვეული იქნება თავად დიდი ბრიტანეთიდან, ასევე სხვა ქვეყნებიდანაც.
კომპანიაში აცხადებენ, რომ აღარ გააგრძელებენ იმ პრეპარატის წარმოებას და რეალიზაციას, რომელიც ბაზრიდან უფრო მაღალ ეფექტიანმა და კოვიდის ახალი შტამისგან მეტი დაცვის მქონე ვაქცინებმა განდევნეს.
„ჩვენ წარმოუდგენლად ამაყები ვართ იმ როლით, რომელიც Vaxzevria-მ გლობალურ პანდემიასთან ბრძოლაში შეასრულა. დამოუკიდებელი შეფასებების თანახმად, მისი გამოყენების მხოლოდ პირველ წელს მან 6,5 მილიონი სიცოცხლე გადაარჩინა, მთელ მსოფლიოს კი 3 მილიარდი დოზა მიეწოდა,“ - ნათქვამია განცხადებაში და იქვე აღნიშნულია, რომ რადგან მას შემდეგ შეიქმნა ვაქცინები კოვიდ-19-ის მრავალი ვარიანტის წინააღმდეგ, განახლებული ვაქცინების ჭარბი რაოდენობა დაგროვდა. ამან კი Vaxzevria-ზე მოთხოვნა შეამცირა.
გასული წლიდან ბრიტანეთის სასამართლოში განიხილება კოლექტიური სარჩელი, რომელიც AstraZeneca-ს წინააღმდეგ კოვიდვაქცინაციის გართულებებით გარდაცვლილი ადამიანების ნათესავებმა შეიტანეს.
პირველად სასამართლოს ჯეიმს სკოტმა მიმართა, რომელსაც 2021 წელს, კოვიდვაქცინაციის შემდეგ, თრომბი და თავის ტვინში სისხლის ჩაქცევა განუვითარდა. შეუქცევადი გართულებების მიუხედავად, ექიმებმა შეძლეს მისი გადარჩენა.
იურიდიული ფირმების განცხადებით, მომჩივანთა ჯამური რაოდენობა შესაძლოა ასობი დაგროვდეს, რაც კომპანიას მრავალმილიონიანი ზარალით ემუქრება. სასამართლოში შეტანილი დოკუმენტების თანახმად, კომპანიამ აღიარა, რომ ვაქცინის მიღებამ „უკიდურესად იშვიათ შემთხვევებში შესაძლოა გამოიწვიოს თრომბოზი თრომბოციტოპენიის სინდრომთან ერთად“.