სახელმწიფოს მიერ ფარმაცევტულ ბაზარზე განხორციელებულმა რეფორმებმა, საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე ფასების უპრეცედენტო შემცირება გამოიწვია. თურქული ფარმაცევტული ბაზრის გახსნა, რეფერენტული ფასების დაწესება, პირდაპირი შესყიდვის გზით ინოვაციური მედიკამენტების შეძენა, GMP და GDP სტანდარტების დანერგვა და ხარისხის ლაბორატორიის ამოქმედება - ეს რეფორმები მხოლოდ ბოლო ორი წლის განმავლობაში მიღწეული შედეგებია. მიუხედავად იმ პრობლემებისა, რომლებზეც კერძო სექტორი საუბრობს (მაგალითად, დაბალი რეფერენტული ფასები რიგ მედიკამენტებზე და ამის გამო შექმნილი დეფიციტის საფრთხე), ყველა მხარე თანხმდება, რომ რეფორმების კურსი სწორია და ის, მხარეთა თანამშრომლობის პირობებში, უნდა გაგრძელდეს.
ჯანდაცვის სფეროს ექსპერტის თენგიზ ვერულავას თქმით, ერთერთი მნიშვნელოვანი უახლესი ნაბიჯი, რომელიც ფარმაცევტული ბაზრის რეგულირების ფონზე გადაიდგა, ძვირადღირებული ინოვაციური ონკოლოგიური მედიკამენტების პირდაპირი შესყიდვის წესით შეძენაა, რამაც ამ პროცესიდან შუამავლის რგოლი ამოაგდო და, შედეგად, ხარჯები განახევრდა.
„შარშან სახელმწიფომ მხოლოდ ონკოლოგიურ მედიკამენტებით უზრუნველყოფაზე 87 მილიონი ლარი დახარჯა. მათგან 53% იყო ინოვაციური მედიკამენტები. ესა უძვირესი პრეპარატები, რომლებიც ათასები არ ღირს და რომლის ფასსაც ვერანაირი რეფერენტული ფასი ვერ დაარეგულირებს. გამოთავისუფლებული თანხით, რომელიც შუამავლების ამოღების ხარჯზე მიიღო სახელმწიფომ, ეს პროგრამა გაძლიერდება და შესაძლოა, მთლიანად დაიფაროს ონკოლოგიური პაციენტებისთვის საჭირო მედიკამენტების ხარჯები,“ - განაცხადა ვერულავამ საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუში.
ამასთან, მისი თქმით, ფარმაცევტულ ბაზარზე სხვა რეფორმების განხორციელებაცაა საჭირო. მათ შორის აგრესიული მარკეტინგის წინააღმდეგ, როცა ზოგიერთი ექიმი დადის ხალათით, რომელზეც ფარმაცევტული პროდუქციის ლოგოთა გამოსახული. ეს კი, ვერულავას თქმით, არცერთ ქვეყანაში არ ხდება.
მისივე თქმით, აუცილებელია სახელმწიფოს მხრიდან ჯენერიკების მეტი ხელშეწყობა. ვახტანგ ვერულავას განცხადებით, ბევრ ქვეყანაში ჯენერიკებზე მედიკამენტების 50%-ზე მეტი მოდის. მისივე თქმით, ამ მიმართულებით პროგრესს ხელს შეუწყობს ხარისხის ლაბორატორიაც, რომელშიც აზიური მედიკამენტების გადამოწმებაა შესაძლებელი.