მთავარი პრობლემა, რომლის წინაშეც ფარმაცევტული სექტორი ბაზარზე დაწყებული რეფორმების შემდეგ დადგა, ისაა, რომ ბიზნესს არ აქვს საკმარისი დრო ცვლილებებისთვის მოსამზადებლად. ამიტომ დაგეგმილი სიახლეები სახელმწიფოს მხრიდან რაც შეიძლება ადრე უნდა იყოს გაცხადებული.
ამის შესახებ ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის დირექტორმა ირაკლი მარგველაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ საუბრისას განაცხადა.
იგი შეეხო როგორც რეფერენტული ფასების პოლიტიკას, ისე თურქეთის ფარმაცევტული ბაზრის გახსნას და სახელმწიფოს მიერ ინოვაციური მედიკამენტების პირდაპირ მწარმოებლისგან შეძენას. ამან, მარგველაშვილის თქმით, მთელ რიგ მედიკამენტებზე ფასები მნიშვნელოვნად შეამცირა. ამასთან, მისი განცხადებით, ამ დადებით ტენდენციებს თავისი სირთულეები აქვს.
მარგველაშვილის განმარტებით, მედიკამენტების ხელმისაწვდომობა, რაც რეფორმის მიზანია, მხოლოდ დაბალი ფასით ვერ მიიღწევა და აუცილებელია, ბაზარზე წამლები ფიზიკურად, რეგულარულად იყოს. მარგველაშვილი ამბობს, რომ დაწყებულმა რეფორმებმა მოკლევადიანი ეფექტი უკვე მოიტანა, თუმცა მთავარია, ეს შედეგი სტაბილური და ხანგრძლივი იყოს.
თურქეთის ფარმაცევტული ბაზრის გახსნასთან დაკავშირებით მარგველაშვილმა განაცხადა, რომ ამას სხვა ნაბიჯებიც უნდა მოჰყვეს.
„ასეთი ტიპის დაშვებები ვერ ატარებს სტაბილურ რეგულარულ ხასიათს. მხოლოდ თურქული სისტემით კი არ უნდა ვისარგებლოთ, არამედ უნდა შევქმნათ ჩვენი სისტემა, იქნება ეს რეფერენტული ფასი თუ პრეპარატების პირდაპირი შესყიდვის წესით შეძენა. ამ საკითხებზე სამინისტროსთან მიდის მუშაობა, დისტრიბუციის სექტორსაც გვაქვს შენიშვნები ფასების გამოთვლის მეთოდოლოგიის და ბევრი სხვა მიმართულებით.
ჩვენ და ჯანდაცვის სამინისტრო ვთანხმდებით, რომ მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება ადრე იყოს გაცხადებული დაგეგმილი ცვლილებები. პირველი - ესაა გამჭვირვალობა. ბიზნესმა, რომელიც უზრუნველყოფს მედიკამენტების ფიზიკურად მიწოდებას, ცვლილებების შესახებ რაც შეიძლება ადრე უნდა იცოდეს. წინააღმდეგობა არ არის პროცესის მიმართ - პროცესი კარგია. ევროპაში ეს მეთოდოლოგია მუშაობს და ეს ნიშნავს, რომ ის კარგია, მაგრამ ჩვენ გვაქვს სპეციფიკური პირობები. წინასწარ უფრო მეტი დროა საჭირო, რომ მთელი სექტორი მომზადებული იყოს. მედიკამენტების მოწოდება და დაგეგმარება ერთერთი ყველაზე ხანგრძლივი პროცესია. მეორე - ესაა მეთოდოლოგიური ხარვეზები. ყველაზე კარგი ისაა, რომ სამინისტროს წარმომადგენლები ხვდებიან ამ სირთულეებს და ამაზე ერთად ვმუშაობთ,“- განაცხადა ირაკლი მარგველაშვილმა.
მისი თქმით, მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა უნდა იყოს, მაგრამ პარალელურად არ უნდა დაზარალდეს მიწოდების ჯაჭვი, რომელიც კერძო სექტორის ხელშია.