ფარმაცევტულ ბაზარზე განხორციელებული რეფორმების შედეგად მოსახლეობამ წამლებზე 400 მილიონი ლარი დაზოგა. 

ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ილია ღუდუშაურმა საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„ამ ეტაპზე 400 მილიონი ლარის ეკონომია მივიღეთ, რაც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი შეღავათია. ასევე დაგეგმილია და უკვე აქტიურ ფაზაშია მოლაპარაკებები და ე.წ. MEA-ს კონტრაქტების გაფორმება, როცა ჩვენ შევძლებთ მწარმოებელ კომპანიებთან პირდაპირი ხელშეკრულებები გავაფორმოთ და ყველაზე მოწყვლად ჯგუფებს მინიმუმ გავუნახევროთ მედიკამენტების ფასი, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში საშუალებას მოგვცემს, საერთოდ მოვხსნათ ლიმიტები ან მნიშვნელოვნად გავზარდოთ იმ მედიკამენტების დაფინანსება, რომლებიც ამ ეტაპზე სახელმწიფო დაფინანსების პროგრამაშია,“ - განაცხადა ილია ღუდუშაურმა.

10 ოქტომბერს, ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ რამდენიმე დიდ საერთაშორისო ფარმაცევტულ კომპანიასთან წარმოებული მოლაპარაკებების შედეგად უკვე მიღწეულია გადაწყვეტილება, რომლის თანახმად ონკოლოგიურ მედიკამენტებს პირდაპირ მწარმოებლისგან შევიძენთ, რაც მოსახლეობას მნიშვნელოვნად გაუიაფებს ონკოლოგიურ მედიკამენტებს.

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის შემდეგ გაიხსნა თურქეთის ფარმაცევტული ბაზარი, გარდა ამისა, ძალაში შევიდა რეფერენტული ფასების პოლიტიკა, რამაც ბაზარზე მედიკამენტების ნაწილი 60-80 პროცენტით გააიაფა.