მწარმოებლები ცდილობენ, ფასები გაზარდონ იმ მედიკამენტებზე, რომლებიც რეფერენტულ ფასებს დაქვემდებარებული პრეპარატების სიაში არაა შესული. ამის შესახებ საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაციის პრეზიდენტმა ლევან გოგიბერიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გამოსვლისას განაცხადა. 
მან კომენტარი გააკეთა იმ ტენდენციაზე, როცა, რეფერენტული ფასების დაწესების პარალელურად, არარეფერენტული წამლების ნაწილი გაძვირდა და ეს მან არა ქართული ფარმაცევტული კომპანიების, არამედ მწარმოებლების პოლიტიკით ახსნა.


გოგიბერიძის თქმითვე, გაძვირება არ უკავშირდება იმას, რომ აფთიაქების დიდი ნაწილი მსხვილ, ქსელურ კომპანიებს ეკუთვნის.

„საქართველოში 3 ათასი მოქმედი აფთიაქია, მათგან 1500 კი ქსელურ აფთიაქებს ეკუთვნის, დანარჩენი წვრილი აფთიაქებია. როცა ფასწარმოქმნაზე ვსაუბრობთ, არის საუბარი, რომ ბაზრის დიდი წილი ქსელურ აფთიაქებს უჭირავთ, მაგრამ ეს არაა სწორი და ეს მონაცემი კონკურენციის სააგენტომაც დადო,“ - განმარტა ლევან გოგიბერიძემ. 

მისივე თქმით, ფასების წარმოქმნა დამოკიდებულია მხოლოდ იმაზე, თუ რა ფასად აწვდის მათ პროდუქციას მწარმოებელი. ლევან გოგიბერიძის განმარტებით, თუ რეფერენტული ფასის დაწესებამდე კონკრეტულ მედიკამენტს მწარმოებელი დისტრიბუტორებს მაგალითად 150 ლარად აწვდიდა, ახლა 40 ლარად აწდვის. ანუ, მწარმოებლებს ჰქონდათ ფასის ასე მკვეთრად შემცირების და ლავირების საშუალება, მაგრამ ამას ნებაყოფლობით არ აკეთებდნენ, რადგან მწარმოებლის ინტერესია, რაც შეიძლება ძვირად გაყიდოს პროდუქცია 


სწორედ ამ მიდგომის გამო, გოგიბერიძის თქმით, მწარმოებლებმა რეფერენტული ფასების დაწესების შემდეგ ფასები გაზარდეს იმ მედიკამენტებზე, რომლებზეც რეფერენტული ფასები არ ვრცელდება. ამასთან, მისივე განცხადებით, არის მეორე პრობლემაც - როცა მწარმოებლის ფასი ვერ ჯდება რეფერენტული პოლიტიკის ფარგლებში დაწესებულ ტარიფში. ამ შემთხვევაში კი ფარმაცევტულ კომპანიებს წამლების სხვა ბაზრებზე, მათ შორის აზიასა და დსთ-ში მოძიება უწევს, რათა ბაზარზე კონკრეტული მედიკამენტის დეფიციტი არ შეიქმნას.
„მწარმოებლები ყოველწლიურად გვიძვირებენ მედიკამენტს 8-11 პროცენტით. ჩვენ არ გვაქვს ბერკეტი, რომ მათზე ზემოქმდება მოვახდინოთ. თუ ვერ ჩაჯდა რეფერენტულ ფასში, ვეძებთ ამ წამალს დსთ-ში, აზიაში. საქმე იმაშია, რამდენად შევძლებთ მედიკამენტების შემოტანას ევროპიდან, აშშ-დან, აღიარებითი რეჟიმის ქვეყნებიდან და ჩავჯდებით თ არა რეფერენტულ ფასში,“ - განმარტა ლევან გოგიბერიძემ. 


ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წამლების ჩამონათვალი, რომლებზეც ფასის ზედა ზღვარი მოქმედებს, ეტაპობრივად გაფართოვდება და წლის ბოლომდე 7 000-მდე მედიკამენტზე გავრცელდება. რეფერენტული ფასის პოლიტიკა ქვეყანაში მიმდინარე წლის იანვრიდან ამოქმედდა.