ყველაზე გვიან, 2024 წლიდან, ონკოპაციენტების მკურნალობის სახელმწიფო დაფინანსების ლიმიტი გაუქმდება. 
ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „ევროპა დონა საქართველოს“ პრეზიდენტმა ანა მაზანაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, მას აღნიშნულ საკითხზე შეხვედრა ჰქონდა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილესთან, რომლისგანაც ყველა კითხვაზე მიიღო პასუხი. 


„სულ ცოტა ხნის წინ შევხვდით ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს, რომელმაც პუნქტობრივად, როგორც ჩვენ გვქონდა მოთხოვნილი, ყველა საკითხზე ძალიან კარგად მოგვაწოდა ინფორმაცია და გვითხრა, რომ სახელმწიფო მუშაობს ამ საკითხზე,“ - განაცხადა მაზანაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობის კუთხით სახელმწიფომ მიმდინარე წლის 10 აგვისტოდან სიახლე დანერგა: თუ ადრე 25-ათასლარიანი ლიმიტით მხოლოდ საყოველთაო ჯანდაცვაში ჩართული მოქალაქეები (სოცდაუცველები, პენსიონრები, ბავშვები და .აშ.) სარგებლობდნენ, დღეს აღნიშნული ლიმიტი ნებისმიერ მოქალაქეზე ვრცელდება, შემოსავლებისა და კერძო დაზღვევის ფლობის მიუხედავად.

ამის მიუხედავად, ონკოპაციენტები აცხადებენ, რომ ეს საკმარისი არ არის, რადგან მთელი რიგი სიმსივნეების შემთხვევაში ეს ლიმიტი საკმარისი არ არის. ამიტომ ისინი დიაგნოზზე მიბმული დაფინანსების მოდელის ამოქმედებას მოითხოვენ, რაც 25 ასთასლარიანი ლიმიტის მოხსნას გულისხმობს. 

ჯანდაცვის სამინისტროში ადასტურბენ, რომ გეგმავენ აღნიშნული ცვლილების განხორციელებას, თუმცა მანამდე, რეფერენტული ფასითა და მედიკამენტების პირდაპირ მწარმოებლისგან შესყიდვის გზით პრეპარატების ფასები უნდა შემცირდეს. ეს კი, სამინისტროს განმარტებით, მოხდება სწორედ მწარმოებელთან პირდაპირი მოლაპარაკების გზით, რათა ადგილობრივი ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან ფასების მოულოდნელი ზრდის საფრთხე არ არსებოდეს, როგორც ეს, სამინისტროს განცხადებით, უკვე მოხდა.

უწყება უცხოურ ფარმაცევტულ კომპანიებთან მოლაპარაკებების დაწყებას ადასტურებს. 

ამ კუთხით jandacva.ge კერძო ფარმაცევტული კომპანიების პოზიციით დაინტერესდა. 

ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის დირექტორმა ირაკლი მარგველაშვილმა jandacva.ge-სთან საუბარში განაცხადა, რომ სახელმწიფოს მიერ ონკოლოგიური მედიკამენტების უშუალოდ მწარმოებლისგან შესყიდვა ფარმაცევტულ სექტორს არ დააზარალებს, რადგან საუბარია წამლების მცირე სპექტრზე, ამასთან, ამ სეგმენტში მოგების მარჟები მაღალი არ არის.

მისი თქმით, ხელისუფლება მოლაპარაკებებს მართავს იმ კომპანიებთან, რომლებსაც ადგილობრივ ბაზარზე წარმომადგენლობები ჰყავთ, იმ კომპანიებთან მოლაპარაკება კი, რომლებსაც წარმომადგენლობები არ ჰყავთ, ამის გაკეთება გართულდება. თუმცა მარგველაშვილი ამბობს იმასაც, რომ სავსებით შესაძლებელია, პროცესის წარმატებით წარმართვის შემთხვევაში, ამ მიდგომამ შედეგი უკვე წელს გამოიღოს და ონკოლოგიური მედიკამენტები წლის ბოლომდე გაიაფდეს, შესაბამისად, ონკოპაციენტების მკურნალობაზე წლიური ლიმიტი მოიხსნას.