ჯანდაცვის სამინისტროში რეფერენტული ფასების დაწესების გამო წამლებზე დეფიციტს გამორიცხავენ და იმ მექანიზმებზე საუბრობენ, რომელთა საშუალებითაც ამ რისკების თავიდან აცილებაა შესაძლებელი.

შეგახსენებთ, რომ 2 აგვისტოს ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციამ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც, არასწორი რეგულირების სისტემის გამო, რეფერენტული ფასის დადგენის შემდეგ, ვერ ხორციელდება ეპილეფსიის საწინააღმდეგო სხვადასხვა მედიკამენტის იმპორტი. მათივე თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემოთავაზებული რეფერნტული ფასწარმოქმნის მოდელში არ არის გათვალისწინებული ის გამოწვევები და რისკები, რაც ქართულ ბაზარზეა შექმნილი.

„ფასების ამ არასწორმა გამოთვლამ განაპირობა სწორედ ის დეფიციტი, რაც ბაზარზე უკვე არის. მედიკამენტების დეფიციტური სია მომავალში გაიზრდება იმავე მარტივი მიზეზით, რაც არის არასწორად დასმული რეფერენტული ფასი. უბრალოდ ეს მედიკამენტები ვერ იქნება ფიზიკურად მოწოდებული ჩვენი ბაზრისთვის,“- ნათქვამია განცხადებაში.

ჯანდაცვის სამინისტროში ბრალდებებს უარყოფენ და ამბობენ, რომ მათ კომუნიკაცია აქვთ სექტორთან და გადაწყვეტილებებსაც წინასწარ აცნობენ.

სტრატეგიული განვითარებისა და ანალიტიკის დეპარტამენტის უფროსი ლელა სულაბერიძე კი იმ მექანიზმზე საუბრობს, რომელიც ბაზარზე წამლების დეფიციტის თავიდან აცილების შესაძლებლობას იძლევა.

„კომპანიები იწერებიან სავარაუდო დეფიციტის შესახებ. თუკი მოხდა ისე, რომ ფასების გადახედვა კომპანიებისთვის სასიკეთოდ არ მოხდა და ისინი აგრძელებენ აპელირებას, რომ ვერ მოახერხებენ კონკრეტული მედიკამენტების კონკრეტულ ფასებში შემოტანას ქვეყანაში, ამ შემთხვევაში ვიკვლევთ, არის თუ არა ბაზარზე ჩამნაცვლებელი. ჩამნაცვლებლის არარსებობის შემთხვევაში კი ხდება ფასის ხელახლა გადახედვა და კორექტირება. ასეთი პრეცდენტები გვქონია,“- განაცხადა სულაბერიძემ და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე ბაზარზე დეფიციტის საფრთხეები არ არსებობს.

შეგახსენებთ, რომ რეფერენტული ფასები ამ ეტაპზე 2300-ზე მედიკამენტზეა დადგენილი.