ჯანდაცვის სამინისტრომ პირდაპირი შესყიდვის გზით, ინოვაციური ონკოლოგიური მედიკამენტების შესყიდვის პროცესი დაიწყო. აღნიშნული წესით, სახელმწიფო ძვირადღირებულ მედიკამენტებს სპეციალურ, მნიშვნელოვნად დაბალ ფასად შეიძენს და  ონკოლოგიურ პაციენტთა სრულ საჭიროებებს  დაფარავს.  

ინფორმაციას სამინისტრო ავრცელებს. 


უწყების ცნობით, ჯანდაცვის სამინისტროსა და მედიკამენტების მწარმოებელ კომპანია "როშეს" შორის ხელშეკრულება დღეს  გაფორმდა. დოკუმენტის თანახმად, სახელმწიფო, შვეიცარიული კომპანიისგან  სხვადასხვა დასახელების პრეპარატს  პირდაპირი წესით,  მართული შესვლის შეთანხმების (MEA) პრინციპების გათვალისწინებით განხორციელდა.


ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, მომავალი წლიდან სახელმწიფო ონკოლოგიურ პაციენტს მკურნალობის კურსს სრულად დაუფინანსებს.  


მედიკამენტების, უშუალოდ მწარმოებლებისგან შესყიდვის შედეგად, სახელმწიფოს ეძლევა შესაძლებლობა მეტ პაციენტს დაუფინანსოს მკურნალობა და მკურნალობის კურსის გათვალისწინებით, გაუზარდოს დაფინანსებული წამლების რაოდენობა.


ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, უწყება მსოფლიოს იმ წამყვან ფარმაცევტულ კომპანიებთან აწარმოებს მოლაპარაკებებს, რომელთა წარმოებული მედიკამენტებიც საქართველოში ფართოდ გამოიყენება და სახელმწიფო დანახარჯების ყველაზე დიდი წილი მოდის. ცვლილების მიზანი, მოსახლეობისთვის მაღალხარისხიან მედიკამენტებზე საყოველთაო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა.


"მედიკამენტების უშუალოდ მწარმოებლისგან შესყიდვა, წამლებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით,  ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებული რეფორმების ნაწილია. მედიკამენტებზე ჯიბიდან გადახდების შემცირების მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2022 წელს თურქული ფარმაცევტული ბაზარი გაიხსნა,  დაინერგა ელექტრონული რეცეპტების სისტემა, 3200-ზე მეტ მედიკამენტზე კი  ფასის ზედა ზღვარი დაწესდა. შედეგად მედიკამენტების ფასი საშუალოდ 60%-ით შემცირდა,"- აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 
 
უწყება ასევე ავრცელებს საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის აიდი გრაუს განცხადებას:

"ეს ძალიან ინოვაციური მომენტია, საქართველოს სამედიცინო ისტორიაში. ამ პროგრამით, საქართველოს მთავრობა და კომპანია "როში", ონკოლოგიურ მედიკამენტებზე პაციენტების ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფენ. პრეპარატების ღირებულებას, სახელმწიფო აანაზღაურებს და შესაბამისად პაციენტი ფინანსური რისკის წინაშე არ იდგება."

 
 "როშის" რეგიონული ხელმძღვანელის ანდრიანო  ტრევეს თქმით კი, ქართველი ონკოპაციენტებისთვის,  ეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა.

"ჩვენი კომპანია, ამაყია იმით, რომ საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობით, ქართველი პაციენტების, ინოვაციურ, ონკოლოგიურ თერაპიებზე ხელმისაწვდომობა იქნება უზრუნველყოფილი. დღეს მართლაც შესანიშნავი დღეა და მოხარულები ვართ, რომ სახელმწიფოსთან პარტნიორობით, ქართველი პაციენტები შეძლებენ საუკეთესო მკურნალობის მიღებას,"- განაცხადა ტრევემ.