საქართველოში ფარმაცევტული პროდუქციის 100-მდე იმპორტიორია, ჯამური იმპორტის 70% კი მოდის „გეფაზე“, (დაახლოებით 25%), პსპ (დაახლოებით 23%) და ავერსზე (დაახლოებით 20%). ამის შესახებ სს „გეფას“ 2022 წლის ფინანსურ ანგარიშგებაშია ნათქვამი.

დოკუმენტში ქვეყნის ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული ტენდენციებია მიმოხილული და აღნიშნულია, რომ ბაზარზე გენერიკების გაყიდვები შეადგენს მთლიანი ბაზრის შემოსავლების 73%-ს, რაც გარკვეულწილად აღემატება ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელს (დაახლოებით 50%). ამასთან, ჯგუფის ხელმძღვანელობის შეფასებით, ჯერ კიდევ არსებობს საბაზრო შესაძლებლობა გენერიკებისთვის - წამყვან ეკონომიკებში, როგორიცაა გერმანია და დიდი ბრიტანეთი, ჯენერიკს დომინანტური წილი აქვს და ბაზრის 80%-ზე მეტს შეადგენს.

დოკუმენტში საუბარია საქართველოს მთავრობის ინიციატივაზე, რომლის  თანახმად, 2022 წლის იანვრიდან თურქეთის რესპუბლიკა დაემატა იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომლებთანაც საქართველოს მთავრობას „პარალელური იმპორტის რეჟიმი“ აქვს დაწესებული. შესაბამისად, მედიკამენტები, რომლებიც თურქეთშია რეგისტრირებული, საქართველოში დამატებითი ბიუროკრატიული ბარიერების გარეშე, ავტომატურად იქნება აღიარებული. ინიციატივა მიზნად ისახავს ქვეყანაში ფარმაცევტული პროდუქტების მრავალფეროვნებისა და ხელმისაწვდომობის გაზრდას.

რაც შეეხება რეფერენტულ ფასებს, რომელიც 2023 წლის 15 იანვრიდან დაინერგა, „გეფა“აღნიშნავს, რომ ახალი ინიციატივის შედეგად, სამინისტრომ მაქსიმალური საცალო ფასი მიზნობრივ ფარმაცევტულ პროდუქტებზე შემოიღო ორი მიმართულებით: ჯენერიკი და ორიგინალი. ფასების ზედა ზღვრები დაწესდა შემდეგი ოთხ ქვეყანაში არსებული საშუალო ფასების მიხედვით: ბულგარეთი, ლატვია, მაკედონია და მონტენეგრო.


დოკუმენტის თანახმად, ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე ადგილობრივად დამზადებული წამლების წილი 14%-ია, მაშინ როცა ეს მაჩვენებელი 2000-იანი წლების დასაწყისში დაახლოებით 5%-ს შეადგენდა.