2024 წელს წამლის ხარისხის სახელმწიფო კონტროლზე 150 ათასი ლარი დაიხარჯება. აღნიშნული თანხა წინა წლებში იგივე მიზნით გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების ანალოგიურია. 

სამკურნალო საშუალებების ხარისხის სახელმწიფო კონტროლის 2024 წლის პროგრამა მთავრობის დადგენილებით დამტკიცდა.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ პროგრამის მიზანია ფარმაცევტული ბაზრის დაცვა ფალსიფიცირებული, წუნდებული, გაუვარგისებული, ვადაგასული და საქართველოს ბაზარზე დაშვების უფლების არმქონე სამკურნალო საშუალებისაგან.

მასში ასევე აღნიშნულია, რომ ჯანმრთელობის დაცვის სისტემაში ფარმაცევტული საქმიანობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლია. მკურნალობის პროცესში გამოყენებული ფარმაცევტული პროდუქტის ხარისხი, ეფექტიანობა და უსაფრთხოება ის მაჩვენებლებია, რომლებიც სხვა, ასევე მნიშვნელოვან ფაქტორებთან ერთად განსაზღვრავენ მკურნალობის ხარისხს, ხანგრძლივობასა და, საბოლოო ჯამში, სამედიცინო მომსახურების ხარისხს.

შემოწმების მექანიზმი ასეთია: მაკონტროლებელი (რეგულირების სააგენტო) ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზატორებისაგან შეისყიდის სამკურნალო საშუალების ნიმუშს და ადგენს შეფუთვა-მარკირების, ვარგისობის, საქართველოს ბაზარზე დაშვების უფლების, დისტრიბუციის უფლებისა და სხვა, კანონით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვის მდგომარეობას. სადისტრიბუციო ჯაჭვის იმ რგოლში, სადაც ვერ ხერხდება შესყიდვის განხორციელება, სააგენტო აწარმოებს სინჯის აღებას. სამკურნალო საშუალების ლაბორატორიული კონტროლი, ადგილობრივი ლაბორატორიის (სააგენტოს წამლის ხარისხის ლაბორატორია ან სხვა) პარალელურად შესაძლებელია ჩატარდეს საზღვარგარეთაც.

შეგახსენებთ, რომ წამლის ხარისხის ლაბორატორია ქვეყანაში გასული წლის მაისიდან ამოქმედდა. მასში 11 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა.