საქართველომ პირდაპირი შესყიდვის წესით საერთაშორისო ფარმაცევტულ კომპანიასთან პირველი ხელშეკრულება გააფორმა, პარალელურად კი მიმდინარეობს მოლაპარაკებები სხვა კომპანიებთან.

ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ილია ღუდუშაურმა ტელეკომპანია რუსთავი2-ის ეთერში, გადაცემაში „ბიზნესი რუსთავი 2“ განაცხადა. 


შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ პირდაპირი შესყიდვის გზით, ინოვაციური ონკოლოგიური მედიკამენტების შესყიდვის პროცესი დაიწყო. სამინისტროსა და მედიკამენტების მწარმოებელ კომპანია "როშს" შორის ხელშეკრულება გუშინ  გაფორმდა.

დოკუმენტის თანახმად, სახელმწიფო შვეიცარიული კომპანიისგან  სხვადასხვა დასახელების პრეპარატს  მართული შესვლის შეთანხმების (MEA) პრინციპების გათვალისწინებით შეიძენს.


„ეს არის პირველი ხელშეკრულება, რომელიც სახელმწიფოსთან ამ ტიპით გაფორმდა. პარალელურ რეჟიმში ჩვენ ვმუშაობთ რამდენიმე საერთაშორისო კომპანიასთან და ვფიქრობთ, რომ წლის ბოლომდე და შემდეგი წლის განმავლობაში მთლიანად დავფარავთ ონკოლოგიური მედიკამენტების ბაზარს, რომელსაც სახელმწიფო აფინანსებს. შედეგად, პაციენტებისთვის შევქმნით იმ შესაძლებლობას, რომ ლიმიტი აღარ იარსებებს და იმ მასშტაბს, რაც მათ ჭირდებათ სამკურნალოდ, სახელმწიფო მთლიანად თავის თავზე აიღებს. 
ამ ეტაპზე არსებობს 25 ათასი ლარის ლიმიტი, რომლითაც პაციენტებს მედიკამენტებს სახელმწიფო უფინანსებს. გააჩნია მედიკამენტს, ზოგიერთი ძალიან ძვირადღირებულია, ზოგიერთი - ნაკლებად. ინოვაციური მედიკამენტების ბაზარი ისეა ორგანიზებული, რომ რაც უფრო ახალი და ექსკლუზიურია მედიკამენტი, რა თქმა უნდა, ფასი ძალიან მაღალია. რიგ შემთხვევაში, იგივე „როშის“ მედიკამენტებთან მიმართებაში, მაღალფასიანი იყო და არ იძლეოდა საშუალებას, რომ ლიმიტის ფარგლებში სრული კურსი დაფინანსებულიყო,“ - განაცხადა ილია ღუდუშაურმა.