საერთაშორისო აკრედიტაციის პროცესის გავლის შემდეგ კლინიკები მათი სერვისების მიმართ ადგილობრივი და უცხოელი პაციენტების დაინტერესების ზრდას ელოდებიან.

ამ ფაქტორზე  ამახვილებს ყურადღებას კავკასიის მედიცინის ცენტრი, რომელმაც გუშინ ჯანდაცვის საერთაშორისო აკრედიტაციის უმაღლესი ორგანოს ოქროს ხარისხის მოპოვების შესახებ განაცხადა. მისი ინფორმაციით, ცენტრი გახდა ქვეყანაში პირველი JCI აკრედიტებული მულტიპროფილური რეფერალური ჰოსპიტალი.


„ამიერკავკასიის რეგიონში სამედიცინო სერვისებზე მზარდი მოთხოვნის გათვალისწინებით, გლობალურ ჯანდაცვაში ხარისხის ოქროს სტანდარტად აღიარებული JCI-ს აკრედიტაცია სამედიცინო ტურიზმის განვითარების საშუალებას იძლევა. კლინიკური საჭიროების მქონე ტურისტების მნიშვნელოვანი ნაწილი JCI-ის მიერ აკრედიტებულ ჰოსპიტლებს ანიჭებს უპირატესობას, რაც ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის საერთაშორისო იმიჯს ქმნის. შესაბამისად, კავკასიის მედიცინის ცენტრის საერთაშორისო აღიარება აძლიერებს ქვეყნის პოზიციას სამედიცინო ტურიზმის ინდუსტრიაში,“ - ნათქვამია კავკასიის მედიცინის ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სტატისტიკის თანახმად, 2024 წლის პირველ კვარტალში, საერთაშორისო ვიზიტებს შორის 5 203-ის შემთხვევაში მიზანი სამკურნალო და გამაჯანსაღებელი პროცედურების ჩატარება იყო. 
 2023 წლის პირველ კვარტალში ეს მაჩვენებელი 2 136 იყო. შესაბამისად, წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით მაჩვენებელი 2,4-ჯერაა გაზრდილი.


ექსპერტების ნაწილის მოლოდინია, რომ საერთაშორისო აკრედიტაციის გავლის შემდეგ, რომლის ვალდებულებაც კლინიკებს 2025 წლის იანვრიდან წარმოეშობათ, საქართველოში მოქმედი სამედიცინო დაწესებულებებისა და ექიმების მიმართ პაციენტების ნდობა გაიზრდება, რაც იქნება ერთ-ერთი გზა, რომ უცხოეთში სამკურნალოდ წასული მოქალაქეების რაოდენობა შემცირდეს სდა გაიზარდოს საერთაშორისო სამედიცინო ტურისტების  რაოდენობა. მათი თქმით, ბევრი ჩარევა, რომლის გამოც პაციენტები უცხოეთში, ყველაზე ხშირად კი თურქეთში მიდიან, საქართველოშიც წარმატებით ტარდება, თუმცა დაბალი ნდობის გამო პაციენტების ნაწილი მაინც საზღვარგარეთ წასვლას ამჯობინებს. საერთაშორისო აკრედიტაციის ფლობა კლინიკებს სწორედ ამ ნდობის მოპოვებაში დაეხმარება.


ჯანდაცვის სპეციალისტებს შორის, რომლებიც ამ მოსაზრებას იზიარებენ, თენგიზ ვერულავაცაა. 

მისი თქმით,  დიპლომატები თუ უცხოელი ტურისტები, რომლებიც სხვა ქვეყნებიდან ჩამოდიან, საკუთარ ჯანმრთელობას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე კლინიკებს ანდობენ. მისივე განცხადებით, სწორედ უცხოელების მხრიდან წამოსული მოთხოვნის შედეგია ის, რომ საქართველოში მოქმედმა რამდენიმე კლინიკამ საკუთარი ინიციატივით წლების წინ გაიარა საერთაშორისო აკრედიტაცია.