საყოველთაო ჯანდაცვა მოქნილი უნდა იყოს და ადამიანებს თანაგადახდის საშუალება უნდა ჰქონდეთ, რათა ხარისხიანი სამედიცინო სერვისებით სარგებლობა შეეძლოთ. 

ამის შესახებ jandacva.ge-სთან საუბარში ჯანდაცვის ექსპერტმა თენგიზ ვერულავამ განაცხადა.

„არაერთი ექიმი საუბრობს იმ პრობლემაზე, როცა მაგალითად მუხლის სახსრის გამოცვლაა საჭირო და სახელმწიფო მხოლოდ კონკრეტულ იმპლანტს აფინანსებს. როგორც ქირურგები ამბობენ, ეს იმპლანტები არაა მაღალი ხარისხის და 2-3 წლის შემდეგ მისი შეცვლა ხდება საჭირო. სახელმწიფო პროგრამა არ უნდა ეყრდნობოდეს უხარისხო მასალებს, პირიქით, უნდა აფინანსებდეს ხარისხიან, ეფექტიან მასალებს,“ - აცხადებს თენგიზ ვერულავა და გამოთქვამს ვარაუდს, რომ, შესაძლოა, პაციენტის ხარჯზე სერვისების დამატების შეზღუდვით სახელმწიფოს სურს „მოიცილოს“ საშუალო ფენის პაციენტები, რომლებსაც აქვთ შესაძლებლობა, მოიძიონ გარკვეული სახსრები და მთელი ოპერაცია თავად დააფინანსონ. შედეგად კი სახელმწიფოს ამ ოპერაციებში თანხების გადახდა არ მოუწევს.

„როდესაც ადამიანს ეუბნებიან, რომ სახელმწიფო ხარისხიან მასალებს არ აფინანსებს, პაციენტი ცდილობს, კრედიტი აიღოს ან სხვა რაიმე გზით მოიძოს მთელი ოპერაციის თანხა, რადგან როცა საქმე ჯანმრთელობას ეხება, ადამიანებს, ბუნებრივია, არ სურთ უხარისხო სერვისის მიღება. ხომ არაა ეს „ხრიკი“, რომ სახელმწიფომ „მოიშოროს“ ისეთი პაციენტები, რომლბსაც შეუძლიათ საჭირო ფინანსების მოიძიება,“ - აცხადებს ვერულავა და ამბობს, რომ თანაგადახდის პრინციპი ბევრ ევროპულ ქვეყანაში მოქმედებს, რადგან ეს იძლევა საშუალებას, ჯანდაცვის სისტემამ მოქნილად იმუშაოს.

შეგახსენებთ: გასული წლის ნოემბრიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მონაწილე კლინიკები ანაზღაურების ახალ, DRG-სისტემაზე გადავიდნენ. ერთერთი ცვლილების თანახმად, კლინიკა პაციენტს ისეთი სერვისებისთვის, როგორიცაა ვიპ-პალატა, აყვანილი ექიმი, გარკვეული სახარჯი მასალა და ა.შ. – დამატებით თანხას ვეღარ მოსთხოვს. ხოლო თუ  პაციენტს ამ სერვისების მიღება სურს, მას შეუძლია, ერთჯერადად გამოეთიშოს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას, რომელსაც ამ სერვისის მიღებისთანავე დაუბრუნდება.

jandacva.ge