სახელმწიფომ გააფართოვა აკრედიტაციის გამცემი ორგანიზაციების ჩამონათვალი, რომელთა დასკვნის საფუძველზეც კლინიკებს სავალდებულო აკრედიტაციის გავლა შეუძლიათ.  2025 წლიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ.

კერძოდ, ცვლილების თანახმად, აკრედიტაციის სტანდარტებთან შესაბამისობის შეფასება, შესაძლებელია განხორციელდეს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში სამედიცინო დაწესებულებების მააკრედიტებელი მოქმედი ადგილობრივი ორგანიზაციის მიერ.

სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულებების საერთაშორისო აკრედიტაციის პირობები ჯანდაცვის მინისტრის მიმდინარე წლის იანვრის ბრძანებით დამტკიცდა. 


ბრძანების თანახმად, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობისთვის კლინიკას უნდა ჰქონდეს საერთაშორისო აკრედიტაცია, რისთვისაც უნდა შეარჩიონ აკრედიტაციის განმახორციელებელი ორგანიზაციები, რომლებიც აკმაყოფილებენ ერთდროულად შემდეგ კრიტერიუმებს: უნდა იყვნენ საერთაშორისო ორგანოს - ,,ჯანმრთელობის დაცვის ხარისხის საერთაშორისო საზოგადოების/გარე შეფასების ასოციაციის“ (International Society for Quality in Health Care/External Evaluation Association (ISQua/ISQuaIEEA) წევრი და ფლობდნენ შესაბამის აკრედიტაციას.  უნდა ჰქონდეთ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ან კანადაში, ან ამერიკის შეერთებულ შტატებში სამედიცინო დაწესებულებების  აკრედიტაციის  ჩამოყალიბებული პრაქტიკა.


ამასთან, რეკომენდებულია სამედიცინო დაწესებულებამ აკრედიტაციისთვის მიმართოს ქვემოთ ჩამოთვლილი ორგანიზაციებიდან ერთ-ერთს, ან თავად შეარჩიოს ორგანიზაცია:
ა) Accreditation Canada;
ბ) American Accreditation Commission International (AACI);
გ) Joint Commission International (JCI);
დ) Kooperation für Transparenz und Qualität im Krankenhaus (KTQ);
ე) TEMOS International Healthcare Accreditation;
ვ) The Australian Council on Healthcare Standards International (ACHS International).


სამედიცინო დაწესებულება ვალდებულია, არაუგვიანეს 2023 წლის 31 დეკემბრისა, სამინისტროს წარუდგინოს შუალედური ინფორმაცია შერჩეულ აკრედიტაციის/ISO სერტიფიცირების განმახორციელებელ ორგანიზაციასთან გაფორმებული ხელშეკრულების/თვითშეფასების შევსებული კითხვარის/სხვა დამატებითი დოკუმენტაციის სახით, რომელიც ასახავს/ადასტურებს სამედიცინო დაწესებულებაში მიმდინარე აკრედიტაციის/სერტიფიცირების პროცესს.
კლინიკებს უკვე დაწყებული აქვთ თანანშრომლობა მააკრედიტებელ ორგანიზაციებთან. მათ შორის „აკრედიტაცია კანადასთან“ და TEMOS-თან.

კრიტერიუმებში გათვალისწინებულია ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული კომპლექსური მოთხოვნები, სამედიცინო მომსახურების, სტანდარტული ოპერაციული პროცედურების არსებობა, პერსონალის მომზადების დონე, მონაწილეობა უცხოეთის სამედიცინო განათლების პროცესებში. ეს მექანიზმები აპრობირებულია საერთაშორისო დონეზე და მაღალ ხარისხზე მიუთითებს.